საქართველოს პრეზიდენტმა მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეები დააჯილდოვა: იცნობდე გმირებს

სახელმწიფოს მეთაურმა წარმატებული ქართველი მწერლების, მხატვრებისა და მეცნიერების მიღწევები აღნიშნა.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატები დააჯილდოვა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

მარგველაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

ხუთწლიანი შესვენების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო პრემიები გადასცა კულტურისა და მეცნიერების გამოჩენილ მოღვაწეებს.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები გახდნენ: მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი სპექტაკლის „შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ" სცენოგრაფიისა და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის; პიანისტი ალექსანდრე კორსანტია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, სერგეი რახმანინოვის, აარონ კოპლენდის ვარიაციებისა და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის; ასევე მხატვარ-მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალ „ამაღლებისა" და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

მწერალ გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა პროზაული ნაწარმოებისათვის „ბრმადყოფილზე, და…", ასევე მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

საქართველოს ეროვნული პრემია გადაეცათ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ბესიკ იაშვილსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს ერეკლე გამყრელიძეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის, ხოლო მეცნიერებსა და ხელოვანებს – კონკურსში მონაწილეობისთვის.

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენ უნარს, ჩვენ ძალას, ჩვენ ნიჭს და შესაძლებლობას. დიდი მადლობა თქვენი შრომისთვის, თქვენი შემოქმედებისთვის და იმ გამარჯვებებისთვის, რომლისკენაც მიიყვანეთ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ერი, თქვენი ინდივიდუალური გამარჯვებების სახით", — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

სახელწიფო პრემიების მოსაპოვებლად კონკურსი 2018 წლის 11 აპრილს გამოცხადდა. კომისიებში სულ 62 განაცხადი შევიდა.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია სამ წელიწადში ერთხელ ენიჭება ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში მოღვაწეებს. პრემია ითვალისწინებს ფულად ჯილდოს — თითოეულ გამარჯვებულს 10 ათასი ლარის ოდენობით.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია ლიტერატურის დარგში ორ წელიწადში ერთხელ ენიჭება ლიტერატურის დარგში მოღვაწეებს (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისთვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია ითვალისწინებს ფულად ჯილდოს — თითოეულ გამარჯვებულს 5 ათასი ლარის ოდენობით.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული პრემიას, იგი ყოველწლიურად გაიცემა. პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო და საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისთვის. პრემია ითვალისწინებს ფულად ჯილდოს — თითოეულ გამარჯვებულს 10 ათასი ლარის ოდენობით.