პოპულარული „ფეისბუკ-პოეტი“ - რა აწერინებს ლექსებს სანთლის შუქზე ზეინაბ მეტრეველს

პროფესიით ფილოლოგია და წლების განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობდა. საკუთარ თავს პროზაიკოსად თვლის, გამოცემული აქვს რომანი „საყდრის ჩიტები“, რომლის დაბეჭდვის დროსაც გამომცემლობასთან კომპრომისზე არ წავიდა, ამიტომ რომანი წიგნის მაღაზიებში ვერ შეიტანა...
Sputnik

რომანის შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ერთ დღესაც სოციალურ ქსელებში საკუთარი ლექსები აკრიფა. მოხდა საოცრება და მეორე დღეს, პოპულარულმა გაიღვიძა, —ასეთია ორი სიტყვით აღწერილი ზეინაბ მეტრეველის შემოქმედებითი ცხოვრება, უფრო ვრცლად საკუთარ განცდებზე ის ყოველ დღე უყვება მკითხველს ვირტუალურ სამყაროში…ლექსების კრებული ჯერ არ გამოუცია, მაგრამ მის პოეზიაზე შეყვარებული მკითხველი შეხვედრებს ხშირად უწყობს, ბოლოს პარიზული რანდევუ იყო. 29 მაისს ზეინაბ მეტრეველთან შეხვედრა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდება. ეს საუბარი კი თბილისში შედგა…

ზეინაბ მეტრეველი შემოქმედებით საღამოზე

— ქალბატონო ზეინაბ, თქვენ პროზაიკოსი ხართ, მაგრამ სოციალური ქსელებით ხალხმა თქვენი ძალიან საინტერესო ლექსებით გაგიცნოთ…

— ხანდახან ვხუმრობ, რომ 500 გვერდიანი რომანი დავწერე და ხალხმა მაინცდამაინც ამ ლექსებით გამიცნო მეთქი. 29 მაისს ბათუმში როგორც პოეტი ისე ვარ მიწვეული. ჯერჯერობით ასე ვთქვათ, ისევ „ფეისბუკ-პოეტად“ ვრჩები, რადგან რაც გამოვაქვეყნე და რითიც მკითხველმა გამიცნო, ამ ლექსების კრებული არ მაქვს.

— თქვენი რომანი „საყდრის ჩიტები“ 2004 წელს გამოეცით, ამ რომანს უჩვეულო ბედი ჰქონდა, რატომ არ იყო წიგნი გაყიდვაში?

— რომანს რაღაც აკრძალვები შეეხო, რაც უნდა გამეთვალისწინებინა და ამომეღო, მე კი ამაზე არ წავედი. ბოლოს ერთმა გამომცემლობამ იმ პირობით დამიბეჭდა, რომ თავის ტიტულს არ დააწერდა, ამიტომ ის წიგნების მაღაზიაში ვერ შევიტანე. რომანი სამაჩაბლოს 90-იანი წლების ომზეა, თუმცა მას პოლიტიკაც მოჰყვა. აქ ქართლის სოფელში  განვითარებული ამბებია მოცემული, რაც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა… ჩემი თავი პროზაიკოსად მიმაჩნდა, მართალია, ისე ვერ გამიცნო მკითხველმა, მაგრამ ისეთი მწერლებისგან მივიღე შეფასება, რომ მათი ერთი საქებარი სიტყვა ბევრის რეცენზიას მირჩევნია.

ზეინაბ მეტრეველი ოჯახთან ერთად პარიზში

— როგორ ფიქრობთ, თქვენი ლექსები ასეთ „პოეზია მოჭარბებულ“ დროსა და სივრცეში რატომ აიტაცა ხალხმა?

— გულწრფელად გითხრათ, პოეტობაზე პრეტენზია არ მაქვს. ლექსებს  მესამე კლასიდან მოყოლებული ყოველთვის ვწერდი, მაგრამ  ყურადღებას არ ვაქცევდი, იმიტომ, რომ საქართველოში ლექსებს ყოველი მეორე წერს. აქ რომ პოეტი დაირქვა, სინდისიც უნდა გაგაჩნდეს და ზნეობაც. შენს თავს პოეტს რომ დაარქმევ, სინდისიერი ადამიანი უნდა იყო. მე ვწერდი იმას, რაც ყოველთვის მაწუხებდა და ყოველთვის გულწრფელი ვიყავი. მე ვფიქრობ, ჩემმა მკითხველმა რატომაც გამოხატა ჩემს მიმართ სითბო, ისაა, რომ ჩემთვის პოეზია მეტაფორაა, ანუ მეტაფორული აზროვნება, მხატვრულ სახეს უნდა ქმნიდე. სოციალურ ქსელებში ლექსების გამოქვეყნება 2014 წელს დავიწყე, ისიც ჩემი შვილების ძალდატანებით. მე მწყრალად ვარ კომპიუტერთან, ჩემი ლექსების პოეტური გვერდიც სხვამ გამიხსნა.

— ქალბატონო ზეინაბ, მართალია, რომ ლექსებს დღესაც სანთლის შუქზე წერთ?

— მართლა ასეა… უმეტეს შემთხვევაში, ვცდილობ, რომ სანთლის შუქზე ვწერო. სანთლის შუქთანაა დაკავშირებული ჩემი სამყარო, რადგან სანთელი საზღვრებს „მიკეთებს“. ვაქრობ შუქს და ისე ვწერ. ის რომანი „საყდრის ჩიტები“ ძალაუნებურად სანთლის შუქზე დავწერე იმიტომ, რომ მაშინ შუქი არ იყო. ამას ალბათ უკვე მივეჩვიე, მაგრამ ის, რასაც ვერ მივეჩვიე,- ესაა კომპიუტერზე ტექსტის აწყობა. თუ ჯერ ფურცელზე არ დავწერე, მერე აზრები მეფანტება. როგორც ჩანს, ყველას წერის თავისი ჩვევა აქვს. მე კი შემოქმედებასთან დამოკიდებულებაში ასეთი პატრიარქალური ჩვევები შემომრჩა.

ზეინაბ მეტრეველი

— ქალბატონო ზეინაბ, როგორც ჩანს, თქვენი ლექსების ასეთ წარმატებას არ ელოდით…

— კი ასეა.. ახლა ვფიქრობ, რომ ადამიანი წარმატებისთვის არაფერს უნდა წერდეს. ყოველთვის უნდა ემზადო წარუმატებლობისთვის, წარმატება თავისთავად მოვა, ანუ სანთელ-საკმეველი თავსი გზას არ დაკარგავს. მე ყველა იმ ავტორის მადლობელი, ვინც პირადში მწერს, უცხოეთიდანაც ხშირად მწერენ. ქართული ემიგრაცია ხომ მაინც ყველაფერს უფრო მტკივნეულად განიცდის…

— მარტის თვეში სწორედ ემიგრანტებმა მიგიწვიეს პარიზში, სადაც თქვენთან შეხვედრა გაიმართა…

— პარიზული საღამო საოცრება იყო, იმიტომ კი არა, რომ პარიზში ჩატარდა, იმიტომ, რომ ის შეხვედრა ემიგრანტებმა გამართეს. გვიანი გაზაფხული იყო და მოხდა ისე, რომ პარიზში მოთოვა. საქართველოში ხომ ლამაზია ყველაფერი?— ჩემს შვილებს სულ ასე ვეუბნები: ნახეთ, საქართველოში რა ლამაზად და სხვანაირად თოვს მეთქი. ამ ქებაში დავინახე, რომ პარიზშიც ისე ლამაზად თოვდა, რომ ასეთი თოვა იშვიათად მენახა. თან გამიხარდა ეს სილამაზე, მაგრამ თან გული დამწყდა, რითიც თავს ვიწონებდი- თურმე, ისიც პარიზს ჰქონდა…

ზეინაბ მეტრეველი

 

— თუკი პარიზულმა თოვამ თქვენზე ასეა იმოქმედა, მაშინ იქ ლექსებსაც დაწერდით…

— თითქმის მთელი რვეული ლექსები მაქვს ჩამოტანილი.

— საერთოდ რა გრძნობა უფრო გაწერინებთ ლექსებს?

— არ ვიცი, ამას უნდა ვამბობდე თუ არა, მაგრამ ჩემთვის აკრძალვა ყველაზე დიდი თავისუფლებაა.. როცა ცხოვრებაში რაღაც დისკომფორტი მაქვს, მაშინ უფრო ვწერ. ბედნიერი ლექსებს ვერ დავწერ…

— ანუ იმისთვის, რომ მუზა გეწვიოთ, რაიმე რუბიკონი უნდა გადალახოთ?

— აუცილებლად…  ჩემი მეუღლე მეტყვი ხოლმე, როცა უბედურება  არ არსებობს, მას შენ თვითონ იგონებო. მართლა ვიგონებ, იმ მოგონებებსაც ვიგონებ ხოლმე, რაც ცხოვრებაში არასოდეს მქონია.. ჩვენ დიდი პენსია არ გვაქვს და ადამიანი მოხუცებულობაში მოგონებებით არსებობს. მე მინდა ისეთი მოგონებები მქონდეს, რაც არასოდეს მქონია. ამიტომ ის თვითონ უნდა გამოვიგონო, შევალამაზო და მერე ჩემი თავი უნდა დავაჯერო, რომ ახალგაზრდობაში ასე ლამაზად ვცხოვრობდი მეთქი… რა უცნაურადაც უნდა გეჩვენოთ ჩემთვის ლამაზად ცხოვრება ისაა, როცა ტკივილი სჯობნის ბედნიერებას.. მე სხვანაირად ბედნიერი ვერ ვიქნები და ვერაფერს დავწერ…

ზეინაბ მეტრეველი

— ქალბატონო ზეინაბ, ამის მერე ვიღაცამ არ თქვას, რომ თვითგვემას ეწევით…

— აქ არავითარი თვითგვემა, მე ასე მესმის ცხოვრება. როცა იღბალი გზაზე გადაგიდგება, შენ ცდილობ, რომ დაუძვრე მას. რა ბანალურიც უნდა იყოს, ეს დაძვრომაც რაღაც ახლის ძიებაა, რომლის მერეც პოულობ კიდეც…

ზეინაბ მეტრეველი შემოქმედებით საღამოზე

— ეს ნათელი სევდაა, არა?

— რა თქმა უნდა, ეს ნათელი, ამაღლებული სევდაა.. პოლ ვალერი ამბობდა: „სევდა ჩემი შვებააო“, პოლ ვალერს უსაშველო არაფერი სჭირდა. შეიძლება უცოლშვილოდ გადაეგო, მაგრამ ეს მისი პირადი სურვილი იყო. თუმცა იმ სევდის გარეშე პოლ ვალერი, რომელიც კაცობრიობას დარჩა, არა მგონია, რომ ყოფილიყო… ყველაზე მაგარი ფრაზები მან სწორედ სევდის დახმარებით შექმნა. მეც სწორედ ტკივილის დროს მაქვს ძიებისა და ბედნიერების გრძნობა გამძაფრებული…