ფინეთისა და სომხეთის პრეზიდენტები თბილისში მოლაპარაკებებს გამართავენ

საქართველოს 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ექვსი პრეზიდენტი, ევროკომისიის ხელმძღვანელი და მაღალი რანგის 20 დელეგაცია ეწვევა
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე 26 მაისს, საქართველოში პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ფინეთის ლიდერის კანცელარიის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საქართველოს 26 მაისს მსოფლიო ლიდერები ეწვევიან

„ვიზიტის მსვლელობისას პრეზიდენტი ნიინისტე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან. ეს პრეზიდენტ ნიინისტეს პირველი ვიზიტია საქართველოში", — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტუმრებს თავისუფლების მოედანზე მიიღებს, სადაც ძირითადი ცერემონია გაიმართება. მოგვიანებით პარლამენტში გაიმართება დისკუსია, სადაც იმსჯელებენ ევროპის მომავლისა და საერთაშორისო პარტნიორულ ურთიერთობებზე უახლოესი ასწლეულის განმავლობაში.

სტუმრებს შორის ასევე იქნებიან ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და სომხეთის პრეზიდენტები, ევროპის კომისიის ხელმძღვანელი და სხვა.