ვინ დარჩება ტატამზე: ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს კაბინეტის კარი აუჭედეს

ქართველი ძიუდოისტების პროტესტი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების წარუმატებელ გამოსვლას უკავშირდება, რომელსაც გუნდის სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობის გადადგომა მოჰყვა
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის სამუშაო კაბინეტის კარი აჭედეს, მისი სავარძელი კი შენობიდან  გაიტანეს და ნაგვის ურნასთან დადგეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ნონსენსი: საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მედლების გარეშე დარჩა

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები და გულშემატკივრები ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას რამდენიმე კვირაა მართავენ. ქართველი ძიუდოისტების პროტესტი თელ-ავივში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების წარუმატებელ გამოსვლას უკავშირდება. ტურნირის დასრულების შემდეგ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

ვინ გადაწონის – ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი თუ ფედერაციის პრეზიდენტი>>>

საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ეროვნული გუნდის სახელით განცხადება გააკეთა და ქართულ ძიუდოში შექმნილი რთული ვითარების გამო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. სპორტსმენების განცხადებით, ისინი ვარჯიშსა და შეჯიბრებებში მონაწილეობას იმ დრომდე არ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ქევხიშვილმა ძიუდოისტების მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ძიუდოისტები ჩინოვნიკების წინააღმდეგ – სპორტსმენების აქცია

ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებისა და ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის მიმართ ძიუდოისტების მხრიდან წამოყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად სპეციალური კომისია შექმნა.

ძიუდოისტები უნდობლობას უცხადებენ აღნიშნულ კომისიას და აცხადებენ, რომ არ განაახლებენ ვარჯიშს, სანამ დავით ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს.

დავით ქევხიშვილს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი 2012 წლის 10 დეკემბრიდან უკავია. ის გასულ წელს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სიაში ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების" პარტიული სიის პირველი ნომერი იყო.