თბილისი, 22 მაისი — Sputnik. კრაკოვში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე GALICJA VITIS – 2018 ქართული წითელი ღვინოები — კომპანია „ბადაგონის" 2013 წლის „კახური წარჩინებული" და „ალავერდი ტრადიციული" უმაღლესი ჯილდოების მფლობელი გახდა.
კონკურსზე მსოფლიოს ათი ქვეყნიდან 400-მდე ღვინის სახეობა იყო წარმოდგენილი. მათ შორის იყო ქართული ღვინის მწარმოებელი ხუთი კომპანია და 18 ღვინის სახეობა, აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ღვინომ „კახური წარჩინებული" მიიღო ჯილდო Champion Grand Gold Medal, ხოლო „ალავერდი ტრადიციული" — Grand Gold Medal.
ოქროს მედლები მიიღო შემდეგმა ღვინოებმა: საფერავი რეზერვი, 2010 წ. — კომპანია „ბადაგონი", კახური წარჩინებული, თეთრი, 2014 წ. — კომპანია „ბადაგონი", საფერავი 2016 წ. — „ვაზიანი კომპანი", მწვანე 2016 წ. – „ვაზიანი კომპანი", ქისი 2016 წ. – „ვაზიანი კომპანი", საფერავი 2017 წ. — კომპანია „ასადელი", რქაწითელი ქვევრი, 2017 — კომპანია „ასადელი", წინანდალი 2016 წ. – „წინანდლის ძველი მარანი", საფერავი 2016 წ. – „წინანდლის ძველი მარანი".
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა ყველაიძე კონკურსზე ჟიურის წევრად იყო მიწვეული. მისი თქმით, GALICJA VITIS-ი პოლონეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური ღონისძიებაა.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართული ღვინის მწარმოებლებს უკვე მეორედ მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ამ პრესტიჟულ კონკურსში. კონკურსზე წარდგენილი 18 ქართული ღვინიდან 11-მა უმაღლესი ჯილდო მოიპოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის პოლონეთში", — განაცხადა ყველაიძემ.
მან აღნიშნა, რომ პოლონეთი ბოლო რამდენიმე წელია დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში და ეს გამარჯვება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით პოლონეთში.
კონკურსის ორგანიზატორია პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი GALICJA VITIS, რომელთანაც 2016 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.