გერმანიიდან საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გამოაძევეს

გერმანიამ გამოაძევა საქართველოს 854 მოქალაქე, საფრანგეთმა - 105, ნიდერლანდებმა - 102
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნებმა წლის დასაწყისიდან, რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე, საქართველოში ქვეყნის 1 260 მოქალაქე გამოაძევეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ევროკავშირის ქვეყნებმა 2018 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით საქართველოს რეადმისიის საფუძველზე სამშობლოში 1 290 ადამიანის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა. ქართულმა მხარემ 30 ადამიანის მიმართ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე — 854 გამოაძევეს გერმანიიდან. შემდეგ მოდის საფრანგეთი — 105, ნიდერლანდები — 102, ავსტრია — 88, შვედეთი — 29 და საბერძნეთი — 21.

ერთი წელი ვიზების გარეშე - ევროკავშირში საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაფასეს

რეადმისიის შესახებ შეთანხმებას ხელი მხარეებმა 2010 წელს მოაწერეს. დოკუმენტი 2011 წელს ამოქმედდა. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის გაძლიერებას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ სფეროში. რეადმისიის საფუძველზე, ადამიანების ტრანსპორტირების ხარჯებს მოქალაქეების მიმღები მხარე ანაზღაურებს, თუმცა აქვს უფლება, თანხა გამოძევებულ ადამიანს გადაახდევინოს.

ევროკავშირმა საქართველოსთვის ვიზები 2017 წლის მარტში გააუქმა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ტურისტულ, საქმიან და მიწვევით ვიზიტებზე (180 დღიდან 90 დღის განმავლობაში).

ბოლო მონაცემებით, უვიზო მიმოსვლით საქართველოს 192 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.

ბოლო დროს ევროკავშირის ქვეყნებმა არაერთხელ გამოხატეს უკმაყოფილება საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდის გამო. შეშფოთება გამოთქვეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ.