ზაფხული იწყება აქ - როდის და როგორ გაიხსნება აჭარაში ტურისტული სეზონი

საზაფხულო სეზონის გახსნაზე მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები გაიმართება
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. „ზაფხული იწყება აქ“ — ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში 3 ივნისს გაიხსნება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სეზონის გახსნა „ანბანის კოშკის“ მოპირდაპირედ ზღვის სანაპიროზე იგეგმება. საზეიმო ღონისძიებები შუადღეს დაიწყება და ღამის სამ საათამდე გაგრძელდება.

ზაფხულში ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება >>

დღის განმავლობაში სტუმრებისთვის დაუკრავენ ქართველი და უცხოელი დიჯეები Chiki, ლაშა გურული, გაბუნია, bedford falls, Groove Phoenix, Vako T.

რამდენ უცხოელს ელოდება საქართველო 2018 წელს

საღამოს პროგრამა კი გაიხსნება საკარნავალო შოუთი, სადაც საცეკვაო დასი Friedrichstadt Ballett-ი ლათინურ-ამერიკულ და ბრაზილიურ ცეკვებს წარმოადგენს.

დღის განმავლობაში ბათუმში გაიმართება ფრანების შოუ, პლაჟის ფრენბურთი, დღის ფერადი ფოიერვერკი, სხვადასხვა გასართობი თამაშები ბავშვებისთვის და ცეცხლოვანი შოუ. სტუმრებს სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა უფასოდ შეეძლებათ. ფესტივალი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. ტურისტების ძირითადი ნაკადი საქართველოს შავი ზღვისპირეთზე მოდის. ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ბათუმი.