თბილისში გრძელი სამარშრუტო ხაზების გაუქმება იგეგმება

გრძელი სამარშრუტო ხაზი გაუქმდება რუსთავიდან, გარდაბნიდან და მცხეთიდან თბილისში მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებისათვისაც.
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik.  თბილისში არსებული გრძელი სამარშრუტო ხაზები,  შესაძლოა, გაუქმდეს და დაწესდეს მგზავრთა გადაჯდომის ადგილები, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დღეს თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი და განსახორციელებელი  ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია კომპანია „სისტრას“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, კომპანია „სისტრა”  თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ხაზების რესტრუქტურიზაციის პროექტს განახორციელებს.

„თბილისში არსებულ გრძელი მარშრუტების გაუქმება იგეგმება და დაწესდება ის ადგილები, საიდანაც მგზავრი ძალიან კომფორტულად გადაჯდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა საშუალებაში. შესაძლოა, ეს იყოს ავტობუსი, მეტრო და ა. შ.”, — განაცხადა ქართული საკონსულტაციო კომპანია „სპექტრუმ კონსალტინგის” წარმომადგენელმა ასმათ აბესაძემ. 

ასევე, გრძელი სამარშრუტო ხაზი გაუქმდება რუსთავიდან, გარდაბნიდან და მცხეთიდან თბილისში მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებისთვისაც და  მათთვის გაჩერების გარკვეული ადგილები დაწესდება. 

კალაძე: მოაწესრიგეთ სამარშრუტო ტაქსები, რათა მოქალაქეებს კომფორტულად გადაადგილება შეეძლოთ

„საუბარია იმაზე, რამდენად სიღრმეში უნდა შემოვიდეს თბილისში, მაგალითად, რუსთავიდან მომავალი სამარშუტო მიკროავტობუსი, ამას ჩვენ აუცილებლად დავადგენთ“, — აღნიშნა აბესაძემ.

პროექტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ავტობუსებისა და მიკროავტობუსების  ახალი ქსელისა და  სატარიფო სისტემის შემუშავება, მგზავრთა ნაკადების დათვლა, ინტეგრირებული საბილეთო სიტემის შექმნა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.

დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1800 მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.