ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის ეტაპზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველი ნიჩბოსანი უნგრეთში ზედიზედ მეორე წელია წარმატებით ასპარეზობს.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე, რომელიც უნგრეთის ქალაქ სეგედში ტარდება, ქართველმა კანოისტმა 200-მეტრიან დისტანციაზე მამაკაცებს შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ნადირაძემ დისტანცია 38,504 წამში დაფარა. გამარჯვებული (38,426 წამი) ლიტველი ვადიმ კორობოვი გახდა, ბრინჯაო კი ლიტვის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა გენრიკას ჟუსტაუტასმა (38,738 წამი) მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ამავე სეგედში ქართველმა სპორტსმენმა ასევე ვერცხლის მედალი მიიღო, პირველობა კი ჟუსტაუტასმა მოიპოვა.

2017 წელს ნადირაძე ბულგარეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო ჩეხეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი ვერცხლის პრიზიორი.

ქართველი კანოისტი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა>>>

მსოფლიო თასის მეორე ეტაპი დუისბურგში (გერმანია) სტარტს 25 მაისს აიღებს.