თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი თემო ვედიაპინი პირველი ქართველი ჰოკეისტი იქნება, რომელიც კანადაში იასპარეზებს.
ეს ინფორმაცია „Sputnik-საქართველოს“ კლუბ Maniwaki Mustangs-ს მფლობელმა დანიელ ბედარმა დაუდასტურა.
„ჩვენი ლიგის კარი ყველასათვის ღიაა. ევროპიდან რამდენიმე მოთამაშე ჩვენთან უკვე თამაშობს. ჩვენს ჰოკეიში მათ ყოველთვის რაღაც ახალი შემოაქვთ. ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებით მსოფლიო ჩემპიონატებს ყველა დივიზიონში და ზოგიერთ მოთამაშეს ვაძლევთ შესაძლებლობას შეიგრძნონ — რას ნიშნავს ჩრდილოამერიკული ჰოკეი. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე ვედიაპინი პრინციპულად ახალ დონეზე გავა“, — განუცხადა Sputnik-ს ბედარმა.
ბედარის თქმით, კლუბი ვედიაპინს 2015 წლიდან აკვირდება, როდესაც თავდამსხმელი ფინეთში განვითარების თასზე გამოდიოდა.
„თემოს საკმაოდ დიდი ხანია ვაკვირდებით. მიმაჩნია, რომ აქ მისი თამაში სიმყარეს შეიძენს. მისი მონაწილეობით ბევრი ვიდეო ვნახეთ და მიგვაჩნია, რომ ის საკმაოდ იოლად ადაპტირდება ჩრდილოამერიკულ ლიგაში. აქ ჰოკეისტმა პრესინგის ქვეშ თამაში უნდა შეძლოს. თემოს ამის კვალიფიკაცია და ძალა გააჩნია. აი რატომ შევარჩიეთ ის“, — აღნიშნა ბედარმა.
სავარაუდოდ, 18 წლის ვედიაპინი კანადაში აგვისტოს ბოლოს გაემგზავრება. მისი კონტრაქტი Miniwaki Mustangs-თან რვა თვეზეა გათვლილი.
ყინული, სპორტი და სიყვარული: როგორ სთხოვა ცოლობა ქართველმა ჰოკეისტმა შეყვარებულს >>
მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ვედიაპინი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მესამე დივიზიონში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და მომდევნო სეზონს საქართველოს ჰოკეის ეროვნული ნაკრები მეორე დივიზიონის В ჯგუფში გაატარებს.
Miniwaki Mustangs-ი — კანადური გუნდია იგივე დასახელების ქალაქიდან (კვებეკის პროვინციაში). კლუბი კანადის ახალგაზრდულ ლიგაში აღმოსავლეთის დივიზიონში ასპარეზობს.