თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ძველი ეკლესიის ნანგრევები, თიხის ჭურჭელი, ჯვრები და 10-ზე მეტი სამარხი აღმოჩენილია აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში, იუწყება აჭარის ტელევიზია.
სპეციალისტთა ვარაუდებით, არტეფაქტები XI-XIII საუკუნეებით თარიღდება.
არქეოლოგიურ ექსპედიციაში, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდა, წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
სავარაუდოდ, აღმოჩენილი ეკლესია ერთ-ერთი თურქული შემოსევის დროს დაინგრა. სპეციალისტები აგრეთვე ვარაუდობენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ეკლესიას თავშესაფრისთვის იყენებდა.
აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია მათი დაწვრილებითი შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.