25 წლის ქართველი ახალგაზრდა ნიუ-იორკის საუკეთესო პოლიციელი გახდა

რამდენიმე დღის წინ ქართველმა ოფიცერმა ნიუ-იორკში ერთ-ერთ წარმატებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში თვის საუკეთესო ოფიცრის სტატუსი 25 წლის გიორგი ერისთავს მიენიჭა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გიორგი ერისთავი ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. რამდენიმე დღის წინ მან ერთ-ერთ წარმატებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რომლის დეტალებზეც, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის წესების თანახმად, არ საუბრობს, და დანაშაულთან ბრძოლაში შეტანილი წვლილის გამო 14 მაისს ნიუ-იორკის თვის საუკეთესო ოფიცრის სტატუსი მიანიჭეს.

რევოლუცია 3D ტექნოლოგიებში - ქართველი ინჟინრის გამოგონება

„როდესაც შევიტყვე, რომ თვის საუკეთესო ოფიცრად დამასახელეს, რა თქმა უნდა, დადებითი ემოციები მქონდა, რადგან წახალისება და აღიარება ყველა პროფესიაში აუცილებელია, განსაკუთრებით, პოლიციელისთვის", — აღნიშნავს გიორგი ერისთავი.

გიორგი ერისთავი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, 2009 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში გადავიდა, სადაც სკოლა დაამთავრა. მოგვიანებით ერისთავმა ნიუ-იორკის პოლიციის აკადემიაში ჩააბარა.

„ახლა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერი ვარ. მომავალში მინდა დეტექტივი გავხდე და პარალელურად უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხისთვის, სავარაუდოდ, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებაზე გავაგრძელო სწავლა", — აღნიშნავს გიორგი ერისთავი.

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო გიორგი ერისთავი საქართველოში იშვიათად ჩამოდის, თუმცა სამომავლოდ დაბრუნებას გეგმავს.