„ბოდიში რომ თქვენი შედევრები წავიღეთ“- ნუცუბიძეზე ახალგაზრდებს გამოფენა დაურბიეს

ახალგაზრდების მიერ მოწყობილი გამოფენა განადგურებულია - წაღებულია ნამუშევრები, მოპარულია ტექნიკა
Sputnik

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისის 102-ე საჯარო სკოლასთან მდებარე ძველ სპორტდარბაზში ახალგაზრდების მიერ მოწყობილი გამოფენა ორგანიზატორებს დღეს დარბეული დახვდათ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).

პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

„ეს შენობა მიტოვებული არის დაახლოებით 15 წელია. მივედით, დაველაპარაკეთ სკოლის დირექტორს, ავიღეთ ნებართვა. გავაკეთეთ გამოფენა. გუშინ იყო გახსნა, დღეს რომ მოვედით, ნამუშევრები დაგვხვდა დალეწილი, ზოგი ნახატი მოპარული,“ — განაცხადა ნიკა გრძელიშვილმა.  

ახალგაზრდების თქმით, წაღებულია ტექნიკა — ტელევიზორი და დინამიკები. 

„დაზიანებულია ინსტალაციები, ჩამოგლეჯილია კედლიდან ნამუშევრები და მიგრაფიტებულია: „ბოდიში რომ თქვენი შედევრები წავიღეთ“, — აღნიშნა გიორგი გელაძემ.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.