აბაშიძე მიესალმება რუსეთის მიერ საქართველოსთან შეთანხმებაზე კონტრაქტის ხელმოწერას

საქართველო და რუსეთი გეგმავენ შემდგომი ნაბიჯების განხილვას მას შემდეგ, რაც ორივე მხარემ კომპანია SGS-თან ხელი მოაწერა კონტრაქტს ტვირთების მონიტორინგის საკითხზე
Sputnik

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. რუსული მხრიდან შვეიცარიულ კომპანია SGS-თან საბაჟო ადმინისტრირების და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითად პრინციპებზე საქართველოსთან მიღწეული შეთანხმების რეალიზაციის ხელმოწერას ორი ქვეყნის წარმომადგენლები პრაღაში, 24 მაისს განიხილავენ.

რუსეთმა 2011 წლის შეთანხმების კონტრაქტს ხელი მოაწერა >>

რუსეთმა შესაბამის შეთანხმებებს ხელი მოაწერა შვეიცარიასთან, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობებში შუამავლის როლს ასრულებს, და შვეიცარიულ კომპანია SGS Société Générale de Surveillance SA-სთან. შეთანხმების მიხედვით, მონიტორინგს სწორედ ეს კომპანია განახორციელებს.

„კონკრეტული შედეგები გვექნება. ის, რომ რუსეთის მხარემ ხელი მოაწერა ამ კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანია SGS-თან, ეს უკვე შედეგია. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ შეხვედრის ჩატარება და ამ თემაზე მსჯელობა. ვფიქრობ, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება. იმედი გვაქვს, რუსული მხარე კეთილსინდისიერად შეასრულებს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს“, —  განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ პირველი არხის ეთერში.

ლარსის ალტერნატივა: რაც სომხეთისთვის მომგებიანია, საქართველოს ინტერესებშია?

მისი თქმით, ეს საკითხი პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან განხილვის საგანი გახდება.

„ამაზე ვიმსჯელებთ, მოვისმენთ, შემდგომი ნაბიჯების შესახებ ჩამოვყალიბდებით. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ქართულ-შვეიცარიული სამუშაო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს შეთანხმებისა და პროექტის რეალიზაციას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველო და რუსეთმა შეთანხმებას ხელი 2011 წლის 9 ნოემბერს მოაწერეს. როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, ხელშეკრულება გულისხმობს სავაჭრო დერეფნების შექმნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, რომელსაც ოფიციალური თბილისი ვერ აკონტროლებს.

კვირიკაშვილმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკუთარი ხედვა წარმოადგინა

ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოხსნა ვეტო მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.

არჩევანი შეჩერდა შვეიცარიულ კომპანია SGS-ზე, რომელთანაც შეთანხმების ხელმოწერიდან ექვსი წლის შემდეგ საქართველომ კონტრაქტი გააფორმა. რუსეთი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა კონტრაქტის ხელმოწერას ჯერჯერობით არ ჩქარობს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, SGS-თან ხელშეკრულება ითვალისწინებს ტვირთების გადაზიდვას რუსეთში თბილისის მიერ არაკონტროლირებადი ცხინვალის რეგიონის გავლით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო-გამშვები პუნქტ „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ გზაზე საგანგებო მდგომარეობა შეიქმნება.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.