„მაისის თბილი სიო" თბილისში – როგორ მოვაწყოთ სახლი

თბილისში გაიმართება გამოფენა, სადაც სტუმრები შეძლებენ მოდური ავეჯის, ქანდაკებებისა და ინსტალაციების დათვალიერებას.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისში 18 მაისს გაიხსნება თანამედროვე საავტორო დიზაინის — ინტერიერისა და ექსტერიერის ექსპოზიცია „მაისის თბილი სიო" (Warm May Breeze), იუწყებიან ორგანიზატორები.

გამოფენაზე, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, წარმოდგენილი იქნება რატი და კახი ერაძის ნამუშევრები.

ქართველმა დიზაინერებმა საკუთარი კოლექციები პარიზში წარადგინეს

ექსპოზიცია ერთდროულად ორ სივრცეში მოეწყობა: ინტერიერი — სასტუმრო „რუმსის" საგამოფენო დარბაზში, ექსტერიერი — კაფე „თბილი სიოს" ბაღში.

18-20 მაისს გამოფენას უმასპინძლებს სასტუმრო „რუმსი" (კოსტავას 14), ხოლო 21-24 მაისს — კაფე „თბილი სიო" (პეტრიაშვილის 1).

რატი ერაძე დიზაინის სფეროში ოც წელზე მეტია მუშაობს. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ორიგინალობითა და მრავალფუნქციურობით. რატი ერაძე თანამედროვე დიზაინის სამყაროში ცნობილია როგორც არაორდინალური ოსტატი, რომელიც ინტერიერისა და ექსტერიერის უჩვეულო ნივთებს ქმნის.

კახი ერაძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი ქანდაკებები და ობიექტები მრავალ ქვეყნაში და კოლექციაშია წარმოდგენილი. მისი ახალი ნამუშევრები გაჯერებულია მოდერნისტული ელემენტებით, პროგრესული ხასიათით და უჩვეულო ფორმებით.