საჩუქარი იუბილეზე: აერონავიგატორებს ახალი ცენტრი გადასცეს

ახალი ობიექტები დისპეტჩერებისთვის უახლესი ტექნოლოგიებით და დანადგარებით არის აღჭურვილი
Sputnik

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოში ქართული აერონავიგაციის 25 წლისთავი „საქაერონავიგაციის“ ავიაფრენების მართვის ცენტრის ახალი შენობის და სასწავლო ცენტრის გახსნით აღნიშნეს, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის Facebook-გვერდზე.

„მეამაყება, რომ 2014 წელს, ეკონომიკის მინისტრის რანგში, მხვდა პატივი, საფუძველი ჩამეყარა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის. ეს გახლავთ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ობიექტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მოთხოვნებს“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შენობების გახსნის ცერემონიაზე.

პრემიერმა აგრეთვე მგზავრთა ნაკადის ზრდა აღნიშნა.

„2017 წელს საქართველოს აეროპორტებში გვქონდა მგზავრთა 43%-იანი ზრდა, ხოლო 2018 წლის ოთხი თვის მონაცემებით, უკვე 34%-იანი ზრდა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველოს აეროპორტები მგზავრთა რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.