ქართველი ემიგრანტი იტალიაში მეოთხე სართულიდან გადმოხტა - დაღუპულის ოჯახის ვერსიები

თეა ნიკოლაიშვილს საქართველოში, სავარაუდოდ, ერთ კვირაში ჩამოასვენებენ.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის მკვიდრმა, თეა ნიკოლაიშვილმა იტალიაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც „Sputnik-საქართველოს" გარდაცვლილის ნათესავმა  განუცხადა, შემთხვევა 17 მაისს, იტალიაში, ქალაქ აპულიას რეგიონში, მარტინა-ფრანკას კომუნაში მოხდა. გარდაცვლილის ბიძაშვილის, ვასილ ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, ის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოხტა და ადგილზევე გარდაიცვალა.

ოჯახს თვითმკვლელობის გარემოებებზე საუბარი უჭირს. ერთ-ერთი ვერსიით, თეა ნიკოლაიშვილმა თავი მისი ქალიშვილის გამო მოიკლა, რომელიც იტალიელმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 20 წლის გოგომ ის მოხუცი გაქურდა, რომლის სახლში თავად მუშაობდა. მან სახლიდან 60 000 ევრო მოიპარა.

აშშ-ში ქართველი ექიმი მოკლული იპოვეს

„ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი გუშინ დილით ნახეს. სავარაუდოდ, მაღალსართულიანი შენობის მეოთხე სართულიდან იყო გადმოვარდნილი, თუ გადმომხტარი არ ვიცი. ამ დროისთვის მხოლოდ ამ  ინფორმაციას ვფლობთ. არც ის ვიცით, მარტო იყო თუ არა. მოხუცს უვლიდა და ალბათ, იმასთან ერთად იყო სახლში. არ ვიცით, რატომ ჩაიდინა ეს. სავარაუდოდ, პრობლემებიდან გამომდინარე დეპრესია ჰქონდა, ჩვენ ყველაფერს არ გვეუბნებოდა. 19 წლის შვილიც ჰყავდა იქ. ამ გოგოს სამუშაო ადგილი დედისგან ოდნავ მოშორებით იყო. შეიძლება მისი თვითმკვლელობის მიზეზი, მისი შვილის დაკავებაც გამხდარიყო", — განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" ვასილ ნიკოლაიშვილმა.

გარდაცვლილ ემიგრანტს სამშობლოში უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ. გადმოსვენების ხარჯებს საქართველოს საკონსულო სრულად დაფარავს.