ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გაცხადებული და საიდუმლო მიზეზები

საზოგადოება კიდევ დიდხანს იმსჯელებს, და, მაინც, რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?
Sputnik

ამ საკითხზე თითქმის ყველა ქართველმა და ბევრმა დასავლელმა ექსპერტმაც გამოთქვა აზრი. ისინი ყურადღებას ძირითადად პარტიის გაძლიერებასა და უმრავლესობაში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე ამახვილებენ.

11 მაისს გამართულ პარტიის ყრილობაზე თავად პარტიის პირველმა პირმა დაასახელა სამი, საკმაოდ რეალური მიზეზი, რის გამოც მისი მობრუნება ხელისუფლებაში აუცილებელი გახდა.

პირველი – ესაა საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა. გუგული მაღრაძის გარდა ყველა აღიარებს, რომ ის რთულია.

მართალია, ქვეყანაში ბევრია მსუქანი და ავტომანქანიანი ადამიანი, მაგრამ 165 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველიცაა, რომლებიც „რედ კაფესა" და პარლამენტის ბუფეტში არ დადიან და, შესაბამისად, დეპუტატთა წრეში ვერ ტრიალებენ. საზოგადოების ფენებს შორის უკვე უზარმაზარი უფსკრული ჩნდება, რაც სოციალური აფეთქების საშიშროებას ზრდის. საქართველოში წლებია არ ჩატარებულა კვლევა, როგორია მოსახლეობის საპროტესტო მუხტი. შეპარულად ამას NDI აკეთებს, რომლის კვლევის შედეგებსაც ხელისუფლება არ თუ ვერ ენდობა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

გამოასწორებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ამ მდგომარეობას? ფაქტია, რომ მას მოედანზე სათადარიგო თუ გადანახული პოლიტიკური ფიგურები უკვე შემოჰყავს. როგორც ჩანს, სოციალური ფონის მოწესრიგება და ამ მხრივ საზოგადოების გულის მოსაგები განცხადებების გაკეთება მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა.

საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს გიორგი გახარია, როგორც კრიზისების მენეჯერი. რაც შეეხება საპარლამენტო გუნდს, აქაც ახალი სახეები 2020 წლისთვის მოიძებნებიან, თუმცა ცხადია, რომ ივანიშვილი კობახიძე-ჩუგოშვილის ფრთაზე აკეთებს აქცენტს და არა განაწყენებულ დეპუტატებზე.

სხვათა შორის, მათი უმრავლესობა საერთოდ არ ესწრებოდა პარტიის ყრილობას.

ვის მხარესაა უმრავლესობაში ბიძინა ივანიშვილი და რატომ დაბრუნდა ის პოლიტიკაში?

ასევე სხვათა შორის, მეტად უცნაური ვერსიები გაჩნდა მასმედიაში იმასთან დაკავშირებით, თითქოს „თეთრი ხმაურის" უკან კახი კალაძე დგას და ის და პრემიერი ერთად შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას და ფინანსთა მინისტრ ბახტაძეს ებრძვიან. ამავე ვერსიით, სქემა გამოაშკარავებულია და კვირიკაშვილი, სავარაუდოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღნიშვნის შემდეგ დატოვებს პოსტს. ვერ გეტყვით, ეს რეალობაა თუ ნაცებთან დაახლოებული ექსპერტების ოცნება, მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაცას ასეთი ხმების გავრცელებაც აძლევს ხელს.

ერთ-ერთი რეალური მიზეზი, რის გამოც ასევე მოუწია ბიძინა ივანიშვილს დაბრუნება, ესაა საკმაოდ სერიოზული ზეწოლა დასავლეთის მხრიდან. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო კეთდება აქცენტი პროდასავლურ ახალგაზრდებზეც პარლამენტში. მათ სხვა სახეები უნდა დააბალანსონ და თუ კვირიკაშვილი მთავრობაში აღარ იქნება, ბუნებრივია, აშშ-ს ახალი მოკავშირის შეთავაზება დასჭირდება. სწორედ აქ კი ჩუგოშვილისა და რამდენიმე სხვა დეპუტატის გააქტიურება გახდება საჭირო.

რა ხდება მმართველ პარტიაში?

ამერიკელები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგაც კი ორ ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას. ისინი აპროტესტებენ ძალაუფლების ერთ ხელში ჭარბ კონცენტრაციას და ასევე არაფორმალურ გავლენებს.

ვითარებას ისიც ამწვავებს, რომ ჯერ კიდევ მინიმუმ ორი თვე ვერ გავარკვევთ, ვინ იქნება „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ბევრი იქნება სპეკულაცია, შემოვა თუ არა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკურ სივრცეში პრეზიდენტობის კანდიდატად.

კიდევ ერთი და, შესაძლოა, მთავარი ფაქტორი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებაა. ირაკლი კობახიძეს არ დაუმალავს, რომ 2019 წლიდან პარტია რეფორმირებას დაიწყებს და ის ევროპული ტიპის მყარი იდეოლოგიის პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდება. ასევე დაგეგმილია 2020 წლისთვის კოალიციური მთავრობის შექმნა. აი აქ კი ოპოზიციას უჩნდება შანსი, გაააქტიუროს ძველი პოლიტიკური სახეები, რომელთაც ნდობა არ დაუკარგავთ.

ივანიშვილისთვისაც, ცხადია, მნიშვნელოვანია სანდო პარტნიორები შეარჩიოს და ჰყავდეს ოპოზიციაში. ამ მხრივ ველი ჯერ ცარიელია და პარტიის თავმჯდომარე საქმეს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყებს.

წინ საინტერესო მოვლენები გველის…

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!