ქართველი მეაბრეშუმე, რომელიც ამ უნიკალური დარგის აღდგენაზე ოცნებობს

ქართული აბრეშუმის წარმოება ასწლეულებს ითვლის. საქართველო ოდითგანვე განთქმული იყო მეაბრუშუმეობით. ის ისეთივე უნიკალური დარგია, როგორც მეღვინეობა, მეფუტკრეობა და ა.შ. დღეს ძალიან იშვიათად შეხვდებით საქართველოში ადამიანს, რომელიც მეაბრეშუმეობით არის დაკავებული.
Sputnik

თუმცა ასეთ ადამიანს მაინც მივაგენით. მეაბრეშუმე ლამარა ბეჟაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროში ცხოვრობს. მეაბრეშუმეობა ბებიისგან ისწავლა. ქალბატონი ლამარა გულისტკივილის გამოთქვამს, რადგან ეს დარგი უკვე წლებია მივიწყებას მიეცა. ქართველი მეაბრეშუმე კი ამ დარგის აღდგენაზე ოცნებობს.

— შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. 1995 წლიდან სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროში კულტურის სახლის დირექტორად ვმუშაობ. ძველი, მივიწყებული ქართული რეწვა პირდაპირ კავშირშია ჩემ სამსახურთან და საქმიანობასთან.

– როგორ ისწავლეთ მეაბრეშუმეობა?

— მეაბრეშუმეობა ბებიისგან ვისწავლე. თუმცა ქართული ტრადიციული რეწვის დარგებს, ეს იყო ქარგვა, სიმინდის ფუჩეჩზე მუშაობა, კალათების მოწვნა და ა.შ. ვაგროვებდი სხვადასხვა სოფლებში. მოხუცებისგან ვსწავლობდი ყველაფერს.

რაც შეეხება მეაბრეშუმეობას, ეს დარგი არის უნიკალური, რადგან არის უდანაკარგო, ამავე დროს სასარგებლო. აბრეშუმი 33 დაავადებას კურნავს. ჩვენი წინაპრები აბრეშუმის სამოსში იმოსებოდნენ. აბრეშუმს იცმევდნენ ავადმყოფობის დროსაც, ან აბრეშუმის ლეიბზე წვებოდნენ.

– ამდენი სასარგებლო თვისება აქვს აბრეშუმს და როგორ ფიქრობთ, რატომ მიეცა დავიწყებას?

— ძალიან მიჭირს ხოლმე ამაზე საუბარი. კულუარებში გამოითქვა აზრი, რომ ძალიან დიდი თანხა ჩაიდო იმისთვის, რომ ქართული აბრეშუმი გამქრალიყო ბაზრიდან. არ ვიცი ეს ვიცი ინიციატივით და რა მიზნით მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ იყო ამაზე საუბარი. როგორც კი დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაშინვე დაიხურა ქარხნები.

ქართული აბრეშუმი სწორუპოვარი იყო მსოფლიო ბაზარზე. როგორც ქართული ქვევრის ღვინოა უძველესი და  უნიკალური, ასეა ქართული აბრეშუმიც. მსოფლიო გამოფენებზე წლების განმავლობაში არაერთი პრიზი და ჯილდო აქვს მოპოვებული.

– როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა აქვს ამ დარგს, შესაძლებელია, რომ მოხდეს მისი განვითარება?

— ცოტა ხნის წინ კიდევ ვიფიქრებდი, რომ რაღაც გამოსწორდება, ახლა რა გითხრათ… სულ ცოტა ხნის წინ მოვიდნენ ჩემთან ინდოელები და თანამშრომლობა შემომთავაზეს – სურთ ვასწავლო მეაბრეშუმეობა და მერე თავად აწარმოონ. მანამდე არაბები დამიკავშირდნენ. არ მინდა ასეთი ფული, გული მტკივა. იმედია, ქართველიც გამოჩნდება ვინმე, ვინც გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს. ჩემი აბრეშუმი მხოლოდ ქართველებისთვის მემეტება.

– რას მოუტანს საქართველოს ამ დარგის აღორძინება?

— ყველა დასაქმდება. სოფლებში არ გვეყოლება არც ერთი ღარიბი ოჯახი. ეკონომიურად მოძლიერდება ხალხი. მე ბევრი მთხოვს დავასაქმო, მაგრამ არ ვარ ეკონომიურად ისე მოძლიერებული, რომ ყველა დავასაქმო.

წლების წინ ასე იყო: ჯერ სახლში უვლიდნენ აბრეშუმს, მერე მიჰქონდათ საშრობებში. კახეთში ორ რაიონში იყო საშრობი. იქ შრებოდა პარკი, შემდეგ მიჰქონდათ ქარხანაში და ქარხანა ამუშავებდა. ქარხნებში უამრავი მუშა იყო დასაქმებული. როცა ადამიანს აცვია ნატურალური ქსოვილით დამზადებული სამოსი, ეს არის საოცრება. მერე აღარ გაუკვირდებათ, რატომ არის ამდენი ავადმყოფობა. დღეს არ ვიცით რა გვაცვია. პლასტმასის ბოთლებისგან დამზადებული ტანსაცმელი იყიდება. აბრეშუმი კი არის პროდუქტი, რომელიც წვის დროსაც არ გამოყოფს ტოქსინებს, პირიქით, არის სამკურნალო.

– რთული მოსავლელია აბრეშუმის ჭია?

— კი, საკმაოდ. ხან ისე ვარ დაღლილი, მგონია სიკვდილის პირამდე მივედი. როგორც პატარა ბავშვს, ამათაც ისე უნდათ მოვლა. აქვთ პირღებინება, ფაღარათი, სხვადასხვა დაავადებები უჩნდებათ და ამ ყველაფერს თავის დროზე უნდა მიხედვა, პროფილაქტიკა. ძალიან დამღლელია გადაღების პროცესი. ყველა სათითაოდ უნდა გაატარო ხელში, გადაიყვანო სხვა ადგილზე და ახალი ფოთლები დაულაგო. სანამ პატარები არიან, ჯერ ერთ თაროზე ეტევიან, მერე ერთი თაროდან 15-20 თარო მრავლდება. დაღლის და სირთულეების მიუხედავად სასიამოვნო სამუშაოა.

ის, რაც ღმერთმა გვიბოძა, გვაჩუქა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის, იმას მოფრთხილება უნდა!..