კალაძე: მოაწესრიგეთ სამარშრუტო ტაქსები, რათა მოქალაქეებს კომფორტულად გადაადგილება შეეძლოთ

თბილისის მერმა განაცხადა, რომ აუცილებელია ქალაქის სამარშრუტო ტაქსებში ზაფხულის პერიოდში გაგრილების სიტემა მოწესრიგებული იყოს.
Sputnik

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს კომპანია „თბილისის მიკროავტობუსთან" მოლაპარაკებების დაწყება დაავალა, რათა მან ზაფხულამდე მოაწესრიგოს სამარშრუტო მიკროავტობუსებში კონდიციონერების გამართულად მუშაობა.

სამარშრუტო მიკროავტობუსებში კონდიცირების არარსებობის პრობლემა ყოველ წელს ჩნდება. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მგზავრობის საფასური გაიზარდა მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნის საბაბით, მაგრამ ამით პრობლემა არ მოგვარებულა. მძღოლები ხშირად ამბობენ უარს კონდიციონერის ჩართვაზე და ხან იმას იმიზეზებენ, რომ კონდიციონერი არ მუშაობს, ხან კი იმას, რომ საწვავის ეკონომიას აკეთებენ.

თუ „მარშრუტკით" გინდათ მგზავრობა, გაჩერებაზე დაელოდეთ

„ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მინდა დავავალო მერის მოადგილეს მაია ბითაძეს და ასევე სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს — გავალებთ, რომ დაიწყოთ მოლაპარაკებები ე.წ. ყვითელი მარშრუტკების კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რათა ზაფხულში კონდინცირების პრობლემა იყოს მოგვარებული და მერს და მერიას არ დასჭირდეს განმარტებების გაკეთება, რომ მგზავრებმა იმგზავრონ კომფორტულ გარემოში", — განაცხადა კალაძემ.

მერმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, რათა მერიას ამ საკითხის წამოწევა კიდევ აღარ დასჭირდეს.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში" 2017 წელს განაცხადეს, რომ ყველა სამარშრუტო მიკროავტობუსში კონდიციონერი გამართულად მუშაობს. გარდა ამისა, ზაფხულში ამოქმედდა შეღავათების სისტემა, რომელიც გაგრილების სისტემის ფუნქციონირების ხარჯების მთლიანად დაფარვის საშუალებას იძლეოდა.