მედია: როგორ მოხსნეს რეისიდან სიმთვრალის გამო ქართველი ჩინოვნიკები

ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანი ვიზიტი პოლონეთში ჩინოვნიკების საქციელის გამო ჩაიშალა
Sputnik

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. რუსთავის საკრებულოს სამი დეპუტატი გამოაძევეს პოლონური ავიაკომპანოია LOT-ის თვითმფრინავიდან ბორტზე დებოშისა და სიმთვრალის გამო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ინციდენტი 10 მაისს მოხდა, როდესაც დეპუტატები თბილისიდან ვარშავაში საქმიანი ვიზიტით მიფრინავდნენ. ტელეკომპანიის მონაცემებით, არასათანადოდ იქცეოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს დეპუტატი გიგა ჯღარკავა და რუსთავის მერიის თანამშრომელი პაატა პაპელაშვილი.

სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი ლევან ონიანმა გააკეთა.

საქართველოს შიდა ავიარეისებზე ბილეთების ფასები ძვირდება

„არავინ არ იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ამას ვადასტურებ. ვიღაცეები თუ ცდილობენ ჩვენი ვიზიტის ჩაშლა დააბრალონ ჩვენს სიმთვრალეს, ეს არის გამორიცხული. თუ ჩვენ ყავასთან თითო ჭიქა დავლიეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავით“, — აღნიშნა ონიანმა.

ავიაკომპანიაში კი აცხადებენ, რომ მგზავრთა გამოძევება რეისიდან მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ხდება.

„ავიაკომპანია ყველანაირად ცდილობს აიცილოს მგზავრის მოხსნა, იმიტომ რომ ამის გამო ხდება რეისის დაგვიანება, რადგან მგზავრის გამოყვანა უნდა მოხდეს და მისი ბარგის დაბრუნება. ეს ყველაფერი უქმნის პრობლემებს ავიაკომპანიას და მგზავრებს. თუ არ არის კრიტიკული მიზეზი, ავიაკომპანია ცდილობს აიცილოს ეს“, — განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა გიორგი ლიპარტელიანმა.

მისი თქმით, საკრებულოს წარმომადგენლებს ავიაბილეთების ღირებულება დაუბრუნდება.