თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებს მიცვალებულების მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი აქვთ დადგენილი.
ბოლო დადგენილება, რომელიც სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესებს განსაზღვრავს და აღნიშნულ საკითხს ეხება, ზუგდიდის საკრებულომ 2018 წლის 4 მაისს საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიიღო.
ზუგდიდის საკრებულოს დადგენილებით, საფლავის სიღრმე არ უნდა იყოს 1,2 მეტრზე ნაკლები, ხოლო გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავსზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს მინიმუმ 1 მეტრი.
აღნიშნული დადგენილების მიხედვით, ყოველ საფლავზე გამოიყოფა 12 კვადრატულ მეტრამდე ფართობი ტერიტორია, რომლის საფასური 60 ლარია. ზღვრული ნორმის ზევით გამოსაყოფ ყოველ კვადრატულ მეტრზე კი დამატებითი საფასური 20 ლარია. მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების, ასევე ლტოლვილების დაკრძალვა უსასაყიდლოდ მოხდება, ხოლო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე გავრცელდება 50%-იანი ფასდაკლება.
დადგენილების მიხედვით, თუ მეორეული დაკრძალვისთვის გაცემული საფლავის სამარხის გათხრის დროს აღმოჩნდა გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენები (ძვლები), ისინი უნდა განთავსდეს სამარის ცალკე კუთხეში, რისთვისაც ასეთ სამარეში უნდა გაითხაროს ძვლების განსათავსებლად საჭირო სპეციალური თარო. დაუშვებელია გარდაცვლილის ნეშტის ძვლების გადაყრა, განადგურება ან მის მიმართ სხვა არაჰუმანური (უღირსი) დამოკიდებულება.
აღსანიშნავია, რომ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის შესახებ დადგენილება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმა, მათ შორის თბილისის, ბათუმის, ფოთის, სენაკისა და გარდაბნის საკრებულოებმა უკვე მიიღეს.