თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თბილისში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ორკვირიანი მუზეუმების ფესტივალი დაიწყო.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალი ჩატარდება მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 1977 წლიდან ყოველწლიურად 18 მაისს აღინიშნება.
მესტიაში „კავკასიის მთის ცენტრი“ აშენდება >>
ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს ეძღვნება. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელი იარსება, მაგრამ ქვეყანაში ის დღემდე ახსოვთ.
ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება ექსპოზიცია „ანრი კარტიე ბრესონი — პარიზი". ექსკურსიებს პროექტის დირექტორი, „მაგნუმ ფოტოს“ (Magnum Photos) წარმომადგენელი საქართველოში ეკა ენუქიძე გაუძღვება.
ანრი კარტიე ბრესონი — ფრანგი ფოტოგრაფი, XX საუკუნის რეალისტური ფოტოგრაფიის ოსტატი, ფოტომხატვარი, ფოტორეპორტაჟისა და ფოტოჟურნალისტიკის „მამა“, დოკუმენტური ფოტოგრაფიის წარმომადგენელი, რომელმაც 1947 წელს თავის კოლეგებთან ერთად დააარსა ფოტოჟურნალისტების თანამეგობრობა — სააგენტო „მაგნუმ ფოტო“.
გამოფენების გარდა, ფორუმის ფარგლებში ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამები, წიგნის პრეზენტაციები, მოეწყობა საჯარო ლექციები.