მუსიკოსი, რომელიც სერგო ზაქარიაძეს პიანინოზე დაკვრას ასწავლიდა და ბევრი სახალისო ამბავი

იყო დრო, როცა საქართველოში არსებული ყველა მუსიკალური ანსამბლი პირველად ბათუმში ჩამოდიოდა. აქ იმართებოდა ყველა საპრემიერო ჩვენება და თუკი ბათუმის პუბლიკა მიიღებდა ეს იმას ნიშნავდა, რომ მას საქართველოს სხვა რეგიონებშიც მიიღებდნენ.
Sputnik

ამგვარ ტრადიციას საფუძველს უყრიდნენ სხვადასხვა ამ ქალაქში მცხოვრები ხელოვანი ადამიანები, ვისაც დახვეწილი გემოვნება ჰქონდა და სიახლეების არ ეშინოდა. ისინი ქმნიდნენ ქალაქის ისტორიას… დღეს ერთ მათგანს შეგახსენებთ.
მუსიკოსი, პიანისტი, თეატრალურ-საკონცერტო ორგანიზაციების თანამშრომელი, ლენინგრადის მიუზიკ-ჰოლის მსახიობი, აჭარის ფილარმონიის ანსამბლის ხელმძღვანელი და დირექტორი, 1991-1995 წლებში აჭარის კულტურის მინისტრი, ბევრი სიმღერისა და ლექსის ავტორი, ბატონი ნოდარ ფაღავა.

ნოდარ ფაღავა

-ბატონო ნოდარ, დღეს მინდა თქვენი შემოქმედებითი წარსული გაიხსენოთ: მუსიკასთან თქვენი ურთიერთობა როგორ დაიწყო?

— ოჯახში სამი ძმა ვიყავით და მშობლებს სურდათ, რომ ხელოვნების გზაზე დავეყენებინეთ. მე მიმიყვანეს ფორტეპიანოზე, მაშინ პიანინო დიდ ფუფუნებად ითვლებოდა. დღეს მანქანას უფრო ადვილად იყიდი ვიდრე მაშინ პიანინოს. ჩვენ არ გვქონდა და მე, ასე ვთქვათ, მიმამაგრეს ერთ მარტოხელა ქალბატონს, რომელსაც სახლში პიანინო ჰქონდა, ყოველ დღეს მასთან ვმეცადინეობდი. ერთ დღეს, როცა მეოთხე კლასში ვიყავი, სახლში დაბრუნებულს დამხვდა რუსული წარმოების პიანინო —ასეთი სიურპრიზი გამიკეთეს მშობლებმა და ეს უდიდესი საჩუქარი იყო. დავჯექი და… „კაკო ყაჩაღის“ ოპერის წერა დავიწყე. მაშინ ამ პოემას გავდიოდით სკოლაში და ეს თემა აქტუალური იყო. თან ვფიქრობდი, კაკო ყაჩაღზე ოპერა არ იყო დაწერილი და აუცილებლად უნდა დამეწერა.

ნოდარ ფაღავა

- როგორ დამთავრდა ეს ამბავი — გამოგივიდათ?

— არა, როცა დავწერე, არ მომეწონა, პრიმიტიული იყო და ნოტები გადავყარე. როცა სკოლა დავამთავრე პროფესიის არჩევანის წინაშე დავდექი. რადგან კარგად ვხატავდი და სპორტშიც კარგი მონაცემები მქონდა, ვფიქრობდი რა გზით წავსულიყავი. საბოლოოდ კონსერვატორიაში საფორტეპიანოზე ჩავაბარე. სტუდენტობის დროს ესტრადის სიყვარულმა გადაწონა და სიმღერების წერა დავიწყე. ჩემს სიმღერებს ბევრი ცნობილი მომღერალი ასრულებდა, მათ შორის იყო თემურ წიკლაური, რომელიც იმ პერიოდში ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი იყო. მერე თბილისში საკავშირო მნიშვნელობის აბრეშუმის ფაბრიკასთან არსებული ორკესტრის ხელმძღვანელობა შემომთავაზეს.

ნოდარ ფაღავა

 ორკესტრი მუსიკალური მონაცემების მქონე მუშებით იყო დაკომპლექტებული?

— არა, რათქმაუნდა, მუშებად ოპერის მუსიკოსები იყვნენ გაფორმებული, ეს იყო საესტრადო ორკესტრი, რომელიც სხვადასხვა შეჯიბრებებში იმარჯვებდა, მოსკოვშიც ვიყავით. მუსიკას სიმღერებისთვის მე ვწერდი. პარალელურად „რუსთაველის თეატრში“ დავიწყე მუშაობა. იმ დროს რობიკო სტურუა „ხანუმას“ დგამდა, მუსიკას სპექტაკლისთვის გია ყანჩელი წერდა. სპეციალურად თეატრისთვის დიდი ბენდი შეიქმნა და მე იქ პიანისტი ვიყავი. თეატრში რამდენიმე წელი ვიმუშავე.

- წარმომიდგენია, რა ხალხთან გიწევდათ ურთიერთობა…

— ეს იყო საოცარი წლები და წმინდა ადგილი. ვერ გადმოვცემ თეატრში მსახიობებთან და ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა გვქონდა. ყველასთან ვმეგობრობდი, ესენი იყვნენ გენიალური მსახიობები: რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, მაშინ კოტე მახარაძეც იქ იყო. თუმცა „მარჯანიშვილის თეატრის“ მსახიობი იყო, სოფიკო ჭიაურელი სპექტაკლში სათამაშოდ ჩვენთან მოდიოდა. ასეთი ამბავი მახსენდება. ლენინგრადიდან ჩამოვიდა რეჟისორი, რომელიც ჩვენთან დგამდა გორკის პიესას, სადაც სერგო ზაქარიაძე თამაშობდა. როლისთვის მას ცალი თითით რაღაც მელოდია უნდა შეესრულებინა პიანინოზე და ამისთვის მე მომაბარეს. სერგოს რატომღაც არ გამოსდიოდა. მე ვასწავლიდი, მაგრამ მეორე დღეს აღარ ახსოვდა. ერთ დღესაც სიცილით მითხრა: ბიჭო, გამოდის, რომ არც ისეთი ნიჭიერი ვყოფილვარ, ამ ხალხს რომ ჰგონიაო!..

ნოდარ ფაღავა

- ფილარმონიის ანსამბლში როდის გადახვედით?

— ერთხელ თეატრის ორკესტრის დრამერმა მითხრა ფილარმონიაში მივდივარ სამუშაოდ და ხომ არ წამოხვალო? სიმართლე გითხრათ, იმ დროისთვის უკვე მომეწყინა თეატრში, რადგან იქ ერთი და იგივეს ვასრულებდი და ერთფეროვნება არ მიყვარს. მოკლედ წავედი ფილარმონიაში, სადაც მოხვდი მუსიკალურ კოლექტივში, რომელსაც „ენგური“ ერქვა. ამის მერე კიდევ ერთი ანსამბლი ჩამოყალიბდა, იქ მთელი ჩემი ნიჭი გამოვავლინე, თქვენ წარმოიდგინეთ, ცეკვაც დავიწყე. ზურა კიკალეიშვილმა დაგვიდგა „ტანგო“, სადაც მშვენიერი პრიმა-ბალერინას, ნონა ძნელაძის მეწყვილედ შემარჩიეს.

-ბატონო ნოდარ, თქვენ  იმ დროისთვის ძალიან პრესტიჟულ და პოპულარულ ლენინგრადის მიუზიკ-ჰოლშიც იყავით…

—  1970 წლის მაისში ლენინგრადის „მიუზიკ-ჰოლში“ წავედი. ეს იყო თეატრი, რომელსაც მთელ საბჭოთა კავშირში ანალოგი არ ჰქონდა. მის სპექტაკლზე ბილეთები ერთი წლით ადრე იყიდებოდა. „მიუზიკ ჰოლში“  ხუთი წელი ვიყავი, მაგრამ იქაც მომწყინდა და წამოვედი. ჩამოვედი ბათუმში და ფილარმონიის ანსამბლი „რივიერა“ შევქმენი. ამ ანსამბლს 1995 წელს „ინტერვალი“ დავარქვით. „რივიერას“  როგორც ლირიულ ანსამბლს ისე იცნობდნენ, „ინტერვალი“ კი- როკს და ახალი მიმართულების მუსიკას ასრულებდა.

ნოდარ ფაღავა მეუღლესთან ერთად

- როგორი იყო იმ დროის ბათუმური პუბლიკა, რამდენადაც ვიცი, სწორედ ამ ქალაქში „ტესტავდნენ“ ხოლმე სადებიუტო გამოსვლებს…

— იმ დროის ბათუმის პუბლიკა არაჩვეულებრივი იყო, პირველი კონცერტი მართლაც ამ ქალაქში იმართებოდა, აქ გამოვიდნენ თავის დროზე პირველად ანსამბლები: „ორერა“, „ციცინათელა“, „დიელო“. საპრემიერო ჩვენებები ბათუმში იმართებოდა, ამის შემდეგ კი სხვა რაიონებში- ეს ფაქტი ბევრის მთქმელია….

- მომღერალი მანანა თოდაძე მართლა თქვენ აღმოაჩინეთ?

— როცა ბათუმის ფილარმონიაში ანსამბლი ჩამოვაყალიბე, მითხრეს, რომ ცირკის შენობაში ზუგდიდის კუტურის სახლიდან ძალიან ნიჭიერი მომღერალი გოგოაო, ეს იყო მანანა თოდაძე. სცენაზე მისი პირველი გამოსვლა ჩემს ანსამბლთანაა დაკავშირებული. ასეთი ამბავი მახსენდება: როცა ლენინგრადში ვიყავი, ერთი კონცერტის მერე მამაჩემისთვის ვიღაცას უთქვამს: მომღერალი თემურ წიკლაური, მგონი, შენი ბიჭის სიმღერას მღეროდაო. წიკლაური როცა სცენაზე გამოსულა უთქვამს: ეს სიმღერა ბათუმელი ნოდარ ფაღავას დაწერილიაო.

ნოდარ ფაღავა

 

- მოგვიანებით ამ ქალაქს აჭარის კულტურის მინისტრად მოევლინეთ, ამ პოზიციაზე ყოფნის დროს რა ცვლილებები მოახდინეთ ამ სფეროში?

— ჯერ იმას გეტყვით, რომ ძალიან ცუდი წლები დრო იყო: პურის რიგები, ტალონები და კუპონები… კულტურის მინისტრობიდან საამაყო ის გავაკეთე, რომ იმ დროს არსებული ყველა კარგი ანსამბლი და საჭირო ორგანიზაცია ფილარმონიაში შევიყვანე, ასე უკეთ ვიცოდი რა ხდებოდა კაპელაში, ანსამბლებში და ასე შემდეგ. ამის გარდა, ბათუმში კონსერვატორია გავხსენი და მას სასწავლებელი და სკოლა დავუქვემდებარე. თუკი სასწავლებლის მოსწავლე ფრიადზე დაუკრავდა ის კონსერვატორიაში უგამოცდოდ ირიცხებოდა.

- ბატონო ნოდარ, საინტერესო ცხოვრება გაქვთ გავლილი და მემუარების წერა არ გიცდიათ?

— სხვათაშორის, მემუარები წერა დავიწყე და აღმოვაჩინე, იმდენი სახალისო ამბავი გადამხდენია, რომ გადავწყვიტე, სასიამოვნო წასაკითხი რომ იყოს, მხოლოდ ასეთი ამბები დავტოვო. ცხოვრებამ ის მასწავლა, რომ ადამიანი ბედნიერი უნდა იყოს და ეს ბედნიერება თვითონ უნდა შექმნას, მას ვერავინ აჩუქებს, ვერც სხვის ბედნიერებას გადაინაწილებს მთლიანად. თვითონ უნდა მიხვდეს რა არის იმისთვის აუცილებელი, რომ ბედნიერი გახდეს და მერე ის რაღაც იპოვოს…