თბილისი, 12 მაისი — Sputnik. აქციის მონაწილეები, რომლებიც თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, დედაქალაქის ცენტრალური გამზირი გადაკეტეს.
საპროტესტო აქცია, რომელიც 12 მაისს ღმით დაიწყო, 15:00 საათზე განახლდა. აქციის მონაწილეები პოლიციას ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციისას ღამის კლუბების სტუმრების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. აქციაზე შეკრებილთაგან მრავალი თავად იმყოფებოდნენ კლუბებში.
მომიტინგეების განცხადებით, ისინი ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლას არ ეწინააღმდეგეებიან, თუმცა იგი არ უნდა განხორციელდეს სხვა ადამიანების უფლებების დარღვევის ხარჯზე.
„თეთრი ხმაური" თბილისის მერიას მიმართავს>>>
„ქალაქის ცენტრი პარალიზებულია. ჩვენ ის დავიკავეთ… ახლა დადგა დრო, რომ მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და აქ ვისაუბროთ… მათ პასუხი უნდა გასცენ ჩვენს მოთხოვნებს. ჩვენ არ ვიშლებით. მოდით აქ“, – განაცხადა ორგანიზაცია „მოძრაობა თეთრი ხმაურის“ წარმომადგენელმა, აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა.
რამდენიმე წუთის წინ აქციაზე მუსიკოსები და დიჯეი გამოჩნდნენ, შესაბამისად, ტრიბუნა მუსიკას დაეთმო.
საპროტესტო ტალღა თბილისის პოპულარულ ღამის კლუბ „ბასიანსა“ (Bassiani) და "გალერიში" (Cafe Gallery) ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო, რომელსაც შსს სამი თვის განმავლობაში უთვალთვალებდა. როგორც მოგვიანებით სამინისტროში განმარტეს, მათ ნარკომოვაჭრეების ჯგუფი და მათი ღამის კლუბებთან კავშირი გამოავლინეს. ნარკორეალიზებისთვის რვა დაკავებულიდან ერთ–ერთი კაფე „გალერის“ დაცვის წევრია.
თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ხუთი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ ჩატარდა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ახალი „კლუბური“ ნარკოტიკი — მეფედრონი გახდა. შსს–ში აცხადებენ, რომ ყველა ეს ადამიანი ღამის კლუბებში სტუმრობის შემდეგ გარდაიცვალნენ.