„თეთრ ხმაურს“ სოლიდარობა ბათუმსა და ქუთაისშიც გამოუცხადეს

ბათუმში დაკავებული პირები გაათავისუფლეს
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ბათუმში, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ სოლიდარობის აქციაზე დაკავებული სამივე პირი ხელწერილით გაათავისუფლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით იყო დაკავებული. 

ბათუმში, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“  სოლიდარობის აქცია We dance together, we fight together ევროპის მოედანზე მიმდინარეობს.

თბილისში წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა

აქციის მონაწილეები თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებსა და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ.

„თეთრი ხმაურის“ სოლიდარობის აქცია ქუთაისშიც მიმდინარეობს. „თეთრ ხიდზე“  სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტია „გირჩი” არიან შეკრებილები და მთავრობას ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ.

„გუშინ სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ვანდალური აქტი არ უკავშირდება ნარკოპოლიტიკას და ნარკოტიკებთან ბრძოლას. ეს არის ბრძოლა თავისუფლების წინააღმდეგ, რომელშიც სახელმწიფო აუცილებლად დამარცხდება“, – განაცხადა „გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.