თბილისი, 12 მაისი – Sputnik.ახალგაზრდობა, რომელიც თბილისის ღამის კლუბებში ნარკომოვაჭრეთა დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციის ქმედებებს აპროტესტებს, კვლავ შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე თბილისში, ადგილიდან იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ თითქმის მთელი ტერიტორია გაავსეს. პოლიცია ტროტუარის გასწვრივ დგას და მათ გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.
მოვლენებს უამრავი ჟურნალისტი აშუქებს.
აქცია მიმდინარეობს სლოგანით “ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ!“.
სპეცოპერაცია ღამის პირველ საათზე ერთბაშად ხუთ კლუბში დაიწყო — „ბასიანში“ „გალერიში“, „ხიდზე“, „მტკვარზე“ და „როკიტში“. კლუბებში მოულოდნელად შევარდა სპეცრაზმი, რომელმაც ნარკორეალიზატორთა დასაკავებლად სპეცოპერაცია დაიწყო. იქ მყოფი ყველა ადამიანი და პერსონალი გარეთ გაიყვანეს. აღნიშნულ კლუბებში სპეცოპერაცია სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. სხვადასხვა ვერსიით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 20-დან 70-მდე ადამიანი დააკავეს კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე და საპროტესტო აქციაზე, რომელიც სპეცოპერაციის შემდეგ ჩატარდა.
მომიტინგეები პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.
„დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს“, — გაახმოვანა მომიტინგეთა მოთხოვნები მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა.
სპეცოპერაცია ღამის კლუბებში ჩატარდა ხუთი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ახალი „კლუბური“ ნარკოტიკი — მეფედრონი გახდა.
შსს-ში განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, ამავდროულად, შეურიგებელ ბრძოლას უცხადებენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის კლუბებში.