თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ასობით ადამიანია შეკრებილია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ — შეკრებილები გამოხატავენ პროტესტს თბილისის პოპულარულ ღამის კლუბებში შსს-ს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.
ტერიტორიის პერიმეტრს პოლიცია იცავს. მომიტინგეებთან მხარდასაჭერად სხვადასხვა მხრიდან ახალგაზრდების ჯგუფები მიემართებიან, თუმცა კორდონების გადალახვას ვერ ახერხებენ, იუწყება Sputnik-ის კორესპონდენტი.
სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილები Facebook-ის საშუალებით მოუწოდებენ თავის მეგობრებს აქციის მხარდაჭერისკენ და ადგილიდან კადრების ტრანსლაციას ახდენენ.
შსს-ს სპეცოპერაცია ღამის პირველ საათზე ერთბაშად ორ კლუბში დაიწყო — „ბასიანში“ და „გალერიში“. კლუბის შენობაში შევარდა სპეცრაზმი და ნარკორეალიზატორების დაკავების სპეცოპერაცია დაიწყო, იქ მყოფი ყველა ადამიანი გარეთ გაიყვანეს. შსს-ს მონაცემებით, „აღნიშნულ კლუბებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა, ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი დააკავეს“.
ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა — კლუბში მყოფი ადამიანები და მათთან მისული აქტივისტები აპროტესტებდნენ პოლიციის ქმედებებს, პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფები გაისმა. მომიტინგეთა ნაწილი ადგილზე დააკავეს. ცნობილია, რომ დაკავებულთა შორის კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი მფლობელი ზვიად გელბახიანი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს მოძრაობა „თეთრი ხმაურის" წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი.
სპეცოპერაციამ და სიტუაციამ აქციაზე სოციალურ ქსელებში კომენტარების ტალღა გამოიწვია.
აუდიტორია ორად გაიყო. ახალგაზრდობა სპეცრაზმის ქმედებებს აკრიტიკებს, უფროსი თაობის წარმომადგენლები ღამის კლუბებში წესრიგის დამყარების მომხრეები არიან.
„ბასიანი“ მხოლოდ დასაწყისია, ერთ-ერთი იშვიათი ადგილი, სადაც შეგიძლია თავისუფალი იყო ყველანაირად, დაივიწყო ყველანაირი პრობლემა. ის სპეცრაზმის რეიდის მსხვერპლი გახდა. ასეთი რამე რა ვიცი, არსად არ ხდება. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საკლუბო სცენა გვაქვს და მართლა წარმატებულები ვართ ძლივს რაღაცაში და იმასაც მიწასთან ასწორებენ“, — აღშფოთებულია მომხმარებელი Nika Qebuladze.
სპეცოპერაციას წინ უსწრებდა აჟიოტაჟი ახალი „კლუბური ნარკოტიკის“, მეფედრონის გამო, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი გახდა. ერთი თვის განმავლობაში ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში რვა ადამიანი მოხვდა, თუმცა შსს-ს ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ნარკომომხმარებელთა მიმართ კანონმდებლობის შერბილების გეგმების მიუხედავად, ნარკორეალიზატორების მიმართ მთავრობის პოლიტიკა მკაცრი იქნება.