თბილისი, 12 მაისი — Sputnik. თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას უფლებადამცველი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.
საპროტესტო აქცია, რომელიც 12 მაისს ღმით დაიწყო, 15:00 საათზე განახლდა. აქციის მონაწილეები პოლიციას ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციისას ღამის კლუბების სტუმრების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.
„12 მაისს თბილისის ქუჩებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული აპარატის აგრესიული დემონსტრირების ცალსახა და ბოლო დროს უპრეცედენტო შემთხვევა იყო“, – ნათქვამია არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაში.
შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით სპეცოპერაცია 12 მაისს, 01:00 საათზე ერთბაშად ხუთ კლუბში – „ბასიანი“, „გალერი“, „ხიდი“, „მტკვარი“ და „როკიტი“ – ჩაატარა.
შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალების რვა გამსაღებელი პირია დაკავებული, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას.
უფლებადამცველები ხელისუფლებას მოუწოდებენ:
– დაუყოვნებლივ დადგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობის პირთა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დაგეგმა და განახორციელა ძალის დემონსტრირებაზე ორიენტირებული საპოლიციო ოპერაცია;
– საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება შეკრების მონაწილეების სავარაუდო უკნონო დაკავების, პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებისა და მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლის ფაქტებზე;
– სასამართლომ დაკავებული შეკრების მონაწილეების საქმეების განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და შეკრების თავისუფლების სტანდარტების განუხრელი დაცვით უზრუნველყოს;
– მთავრობამ სათანადოდ გაიაზროს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ არსებული მკაცრი პოლიტიკის მძიმე სოციალური შედეგები და რეპრესიაზე და დასჯაზე ორიენტირენული მიდგომების ნაცვლად, ის სოციალურ ზრუნვაზე ორიენტირებული გახადოს. ამასთან, ადამიანის უფლებების პატივისცემით უზრუნველყოს ნარკოტიკების რეალიზაციასთან ბრძოლა.
განცხადებას ხელს აწერენ საქართველოში მოქმედი 11 არასამთავრობო ორგანიზაცია.
საპროტესტო ტალღა თბილისის პოპულარულ ღამის კლუბ „ბასიანსა“ (Bassiani) და "გალერიში" (Cafe Gallery) ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო, რომელსაც შსს სამი თვის განმავლობაში უთვალთვალებდა. როგორც მოგვიანებით სამინისტროში განმარტეს, მათ ნარკომოვაჭრეების ჯგუფი და მათი ღამის კლუბებთან კავშირი გამოავლინეს. ნარკორეალიზებისთვის რვა დაკავებულიდან ერთ–ერთი კაფე „გალერის“ დაცვის წევრია.
თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ხუთი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ ჩატარდა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ახალი „კლუბური“ ნარკოტიკი — მეფედრონი გახდა. შსს–ში აცხადებენ, რომ ყველა ეს ადამიანი ღამის კლუბებში სტუმრობის შემდეგ გარდაიცვალნენ.