თბილისი, 11 მაისი — Sputnik. თელავში 13 მაისს ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაცია გაიმართება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცენტრის ცნობით, სადიაგნოსტიკო ტესტირების გავლის საშუალება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულ იმ აბიტურიენტებს ექნებათ, რომლებმაც საგამოცდო ცენტრად თელავი მიუთითეს და 28 აპრილის ტესტირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ტესტირებისთვის რეგისტრაცია 8 მაისს 16:00 საათზე დაიწყო. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge. ტესტირება თელავის მე-7 საჯარო სკოლაში ჩატარდება.
პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდება, აბიტურიენტები კი ტესტირების შედეგს ტესტირების დასრულებისთანავე შეიტყობენ.
აბიტურიენტები ტესტის ბუკლეტზე იმუშავებენ, პასუხებს კი აღნიშნავენ პასუხების ფურცელზე. ტესტის თითოეული (ვერბალური და მათემატიკური) ნაწილისთვის გამოყოფილია 1 საათი და 35 წუთი. შესაბამისად, მთლიანად ტესტირება 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება.
ტესტირება ასევე გაიმართება ქუთაისში და ის, სავარაუდოდ, ივნისის პირველ რიცხვებში ჩატარდება.
გამოცდების იმიტაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პროექტ #სანდოთანამგზავრის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც, თავის მხრივ პროექტ goNaec-ის ფარგლებში ტარდება და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2005 წლიდან ტარდება. იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა წარმატებით უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო საგანი: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და კიდევ ერთი გამოცდა — შერჩევით.