საქართველოში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ

2018 წელს ასაკობრივი პენსიონერებისთვის პენსიის მომატება არ იგეგმება - საქართველოში პენსია ბოლოს 2016 წლის აგვისტოში გაიზარდა
Sputnik

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების პენსია გაორმაგდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღეისთვის ასაკობრივი პენსიონერების პენსია 180 ლარს შეადგენს, საარსებო მინიმუმი კი 177 ლარია.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან შეხვედრას, რომელიც 9 მაისს ვაკის პარკში გაიმართა, „ძალიან ამაღელვებელი და ემოციურად დატვირთული დღე" უწოდა.

„ჩვენი ვალია, მათი გმირობა დავაფასოთ“ – პრემიერმა ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა

„ისინი არიან ღვაწლმოსილი გმირები, როლებმაც საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად და რა თქმა უნდა, იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივისცემას, არიან განსაკუთრებული ადამიანები — უკვე ხანდაზმულები, თუმცა ძალიან მეომრული შემართებით", — პრემიერის სიტყვებს ციტირებს მთავრობის პრეს-სამსახური.

კვირიკაშვილის განცხადებით, 9 მაისს, პრაქტიკულად მთელი დღე მან ვეტერანებთან ერთად გაატარა, სხდომის დაწყებამდე კი ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან გამართა თათბირი.

საქართველოში პენსიების ზრდა 2019 წლიდან დაიწყება>>>
„მინდა, გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ. მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია", — აღნიშნა პრემიერმა.

ვეტერანთა კავშირის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 676 მონაწილე ცხოვრობს.