ქართველი რეჟისორი რივიერის საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოეს

ნავერიანის ფილმმა გასულ წელს პორტუს მესამე საერთაშორისო ქვიარ კინოფესტივალზე გაიმარჯვა საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ქართველი რეჟისორი ელენე ნავერიანი რივიერის საერთაშორისო კინოფესტივალზე ახალი ჯილდოს მფლობელი გახდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ელენე ნავერიანმა სადებიუტო ნამუშევრისთვის „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე" რივიერის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორული ხედვისთვის მეორე პრემია დაიმსახურა.

ქართული კინო კანის კინოფესტივალზე

რივიერის კინოფესტივალი იტალიის ქალაქ სესტრი-ლევანტეში 2016 წლიდან იმართება.

The Guardian: ქართველი რეჟისორი ქალების გამოწვევა პატრიარქალური საზოგადოებისადმი>>>

„მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე" ნავერიანის სადებიუტო ნამუშევარია და იგი საქართველო–შვეიცარიის ერთობლივი ნაწარმია. ფილმის პრემიერა ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამში შედგა, ქართული პრემიერა კი თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

ფილმის გმირი ახალგაზრდა ქალია, სახელად აპრილი (ხატია ნოზაძე), რომელიც ღამის კლუბში მუშაობს. ერთ საღამოს ქალი ნიგერიელ დიჯეის (დანიელ ჩინედუ ონვუკა) გაიცნობს, რომელიც სხვა ცხოვრების ძიებაში ჯორჯიაში მიდიოდა, თუმცა ამერიკის შტატ ჯორჯიის ნაცვლად თბილისში, საქართველოში ჩამოდის.

გასულ წელს ნავერიანის ფილმმა პორტუს მე-3 საერთაშორისო ქვიარ კინოფესტივალზე გაიმარჯვა საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.