მსოფლიო ბანკის დირექტორები თბილისში შეიკრიბებიან

ღონისძიების თბილისში ჩატარებით მსოფლიო ბანკი მიუთითებს, რომ ენდობა ამ ქვეყანას, რაც, მთავრობის აზრით, პოზიტიურად აისახება პირდაპირი უცხოური ინვესიტციების ზრდაზე
Sputnik

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს შეხვედრა 14-16 მაისს საქართველოში გაიმართება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„რამდენიმე დღეში, 14-16 მაისს საქართველოში პირველად ჩატარდება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორების შეხვედრა. ეს, ძალზე მნიშვნელოვანია", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, უკვე ზაფხულში მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის საკრედიტო პორტფელის გაზრდას დაამტკიცებს. მსოფლიო ბანკი საქართველოსთან 1992 წლიდან თანამშრომლობს და 25 წლის განმავლობაში მას საქართველოში 2,8 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის 100-ზე მეტი პროექტი დააფინანსა.

მსოფლიო ბანკმა ქართული ეკონომიკის პერსპექტივები შეაფასა

საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ სამეწარმეო და მაკროეკონომიკური გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფინანსური ინსტიტუტების ნდობა, რაც დადებითად ისახება კერძო სექტორის ჩართულობასა და პირდაპირი კერძო ინვესტიციების მოცულობაზე.

მთავრობის მეთაურმა ასევე, როგორც ფინანსური ინსტიტუტების ნდობის მაჩვენებელი, აღნიშნა ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტი აშშ-ში, ასევე ქართული დელეგაციის მონაწილეობა აზიის განვიტარების ბანკის, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში.

„როგორც აზიის განვითარების ბანკი, ისე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აპირებენ გაზარდონ საქართველოს პორტფელები და კერძო სექტორის დაფინანსება", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.