700-მდე ნახატის ავტორი 9 წლის თბილისელი გოგონა, რომელსაც მეორე ელენე ახვლედიანს უწოდებენ

სულ მალე გალერეაში „ვაჩე“, რომელიც ცნობილია, როგორც ნიჭიერი ახალბედა მხატვრების ხელშემწყობი და არტ-ქველმოქმედი, თბილისის 142-ე სკოლის მეოთხეკლასელი მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება.
Sputnik

საუბარია ელენე ელყანიშვილზე, რომელმაც ხატვა სამი წლის ასაკში ფანქრით დაიწყო, შემდეგ, ექვსი წლიდან საღებავებით გააგრძელა. მას რამდენიმე საბავშვო კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული. დღეს ზეთით და გუაშით ხატავს და უკვე 700-მდე ნახატის ავტორია. რაც მთავარია, ელენეს ხატვის გაკვეთილებზე არასოდეს უვლია…

ელენე ელყანიშვილის შემოქმედება

– ელენე, ყველაზე პატარა როდის გახსოვს შენი თავი, როცა ხატავდი?

— ყველაზე კარგად მახსოვს ჩემი თავი საბავშვო ბაღში რომ დავდიოდი, იქ ხშირად ვხატავდი და უფრო ცხენების ხატვა მიყვარდა.

ელენე ელყანიშვილის შემოქმედება

– მახსოვს, ადრე ბრაზდებოდი, როცა არ გიჯერებდნენ, რომ უფროსების გარეშე და თანაც ასე ბევრს ხატავ. ახლა უფრო გაზარდე ხატვის ტემპი თუ?..

— ადრე, ალბათ, პატარა რომ ვიყავი, უფრო იმიტომ არ მიჯერებდნენ. ერთხელ ჩემმა მშობლებმა ვიდეოც გადამიღეს ხატვის დროს, რომ სხვები იმაში დაერწმუნებინათ, რომ ნამდვილად მე ვხატავ. ახლა ცხრა წლის ვარ და ალბათ ისე ძალიან უკვე აღარ არის გასაკვირი. ზუსტად ხუთი წუთი მჭირდება იმისთვის, რომ რამე დავხატო. თითქმის ყოველდღე ვხატავ და 700-მდე ნახატი მაქვს. უფრო ხშირად ვხატავ პეიზაჟებს, იმიტომ რომ ბუნება მიყვარს. თუ შევადარებთ, ძველი ნახატები ძალიან ბავშვურია, ახლანდელ ნახატებში უფრო ბევრი ფერია და უფრო საინტერესოა…

ელენე ელყანიშვილის შემოქმედება

– ცხრა წლის ასაკში პერსონალური გამოფენა ბევრს არ ჰქონია, რას გრძნობ?

— ძალიან მიხარია, რომ ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა იქნება. ბედნიერი ვარ და მინდა, რომ ბევრი სტუმარი მოვიდეს. გამოფენაზე მექნება პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები, მაქვს აბსტრაქტული ნახატებიც. უფროს მხატვრებს ველოდები, ძალიან მაინტერესებს მათი შეფასება…

ელენე ელყანიშვილის შემოქმედება

– ხატვის გამო რაიმე მეტსახელს არ გეძახიან?

— სკოლაში ელენე ახვლედიანს მეძახიან… გაკვეთილის დროს სულ ფანქარი მიჭირავს ხელში და მიყვარს „დუდლების" ხატვაც. სკოლის სახატავ რვეულში სკოლაში ბევრი პორტრეტი მაქვს…

ელენე ელყანიშვილის შემოქმედება

– წინასწარ ყოველთვის იცი, რა უნდა დახატო?

— ხშირად ვიცი რა უნდა დავხატო, მაგრამ ზოგჯერ არა. ერთხელ დედას ვხატავდი და მამა გამომივიდა. ნახატებს მიკვეთავენ კიდეც, სახლის ინტერიერის ფოტოებს მიგზავნიან და მერე მე ვარჩევ მას რა ნახატი მოუხდება.

ელენე ელყანიშვილი

– რაზე ოცნებობ?

— ვოცნებობ გამოვიდე დიზაინერი და ჩემი ბიზნესი მქონდეს. ახლა შემოთავაზება მაქვს — ჩანთები უნდა მოვხატო და ეს იდეა ძალიან მომწონს. დედას მეგობრებმა შემომთავაზეს, ალბათ ჩანთებზე ზოგი ჩემი ნახატი იქნება, ზოგს დაკვეთით დავხატავ. ეს ახალი ამბავია და მალე დაიწყება. 

ელენე ელყანიშვილის შემოქმედება

 

– ოცნება რომ გავაგრძელოთ, რომელი ცნობილი მხატვრის მოსწავლე იქნებოდი?

— თუ ოცნებაა, ვისურვებდი კლოდ მონე ყოფილიყო ჩემი მასწავლებელი. სხვადასხვა მხატვრებზე და მხატვრულ მიმდინარეობებზე ვკითხულობ ხოლმე და მონეს ნახატები ძალიან მომწონს… ისე, მინდა ამერიკაში ვიცხოვრო და ვისწავლო, მგონია, რომ იქ ყველაფერი ადვილად მიიღწევა, შემდეგ ისევ აქ დავბრუნდებოდი…