საქართველოში თვითმფრინავის ნაწილების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

„საპარტნიორო ფონდის" ცნობით, ქარხანა პირველ პროდუქციას 2019 წლის დასაწყისში, სერტიფიცირების გავლის შემდეგ გამოუშვებს.
Sputnik

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. თბილისში თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა გაიხსნა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში პირველია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქარხნის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს-წრეების, ასევე, ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საპარტნიორო ფონდმა თურქულ სამშენებლო კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა

ATC (Aero-Structure Technologies Cyclone) „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია Elbit Systems Cyclone-ის ერთობლივი პროექტია. საპატრნიორო ფონდის ცნობით, ქარხანაში კომპოზიტური მასალისგან სამოქალაქო თვითმფრინავების სტრუქტურული ნაწილები დამზადდება (აეროდინამიკური ზედაპირი, კარები, საკონტროლო პანელი და სხვ.)

მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობა 2017 წლის ივლისში დაიწყო, პროექტის ღირებულება 93 მლნ აშშ დოლარია.  ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. „საპარტნიორო ფონდის" ცნობით, ქარხანა პირველ პროდუქციას 2019 წლის დასაწყისში, სერტიფიცირების გავლის შემდეგ გამოუშვებს. ამასთან, პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები საავიაციო ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები იქნებიან, როგორებიცაა Boeing-ი, Airbus-ი, Bombardier —ი და სხვა.

ქარხანაში ამ ეტაპზე 80-მდე თანამშრომელია დასაქმებული, საწარმოს სრულად დატვირთვის შემდეგ კი 300 ადამიანის დასაქმება იგეგმება. კომპანიაში დასაქმებულების 90%-ზე მეტი ადგილობრივი სპეციალისტია, რომლებმაც ტრენინგები ისრაელში ELBIT-ის არსებულ ქარხანაში (ჰაიფა, ისრაელი) გაიარეს.

როგორც ფონდში აცხადებენ, რამდენიმე წლის შემდეგ ქარხანაში დასაქმებულთა 100% საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.