თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა ქსანში მდებარე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები მოინახულა და მათთან ჭადრაკი ითამაშა, ნათქვამია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაფრინდაშვილმა მსჯავრდებულებს ქართული ჭადრაკის ისტორია გააცნო და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა.
„მსოფლიო ჩემპიონმა სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლებს და მოისმინონ მათი საქმიანობის შესახებ", — ნათქვამია განცხადებაში.
მსჯავრდებულებმა შეხვედრის დასასრულს მსოფლიო ჩემპიონს საჩუქრად ხელნაკეთი ნივთები გადასცეს.
ნონა გაფრინდაშვილი — ჭადრაკის ისტორიაში მეხუთე მსოფლიო ჩემპიონია (1962 – 1978), პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (1976) და პირველი მანდილოსანია, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა (1978). 1982 წელს იგი გახდა „ჭადრაკის ოსკარის" პრიზის პირველი მფლობელი.
ნონა გაფრინდაშვილი 77 წლისაა. ჭადრაკის თამაში ხუთი წლის ასაკში დაიწყო, 12 წლიდან თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჭადრაკის წრეზე დაიწყო სიარული, 15 წლისა კი თბილისისა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. საკუთარი ბოლო ტიტული გაფრინდაშვილმა 2017 წელს მიიღო, როდესაც ვეტერანებს შორის ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
საქართველოში ლეგენდარული მოჭადრაკის პატივსაცემად ყოველწლიურად იმართება საჭადრაკო ტურნირი.