რა პრივილეგიით სარგებლობენ მარტოხელა დედები საქართველოში

რას ნიშნავს მარტოხელა დედის სტატუსი და როგორ ზრუნავს სახელმწიფო მარტოხელა დედებზე.
Sputnik

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საქართველოში მარტოხელა დედების ზუსტი სტატისტიკა, შევეცადეთ გაგვერკვია, რა პრივილეგიით სარგებლობენ ამ სტატუსის მქონე ადამიანები, ამიტომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მივმართეთ.

ვინ ითვლება მარტოხელა დედად

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მარტოხელა დედად ითვლება პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების აქტში არ არის ჩანაწერი მამის შესახებ. ასევე, მარტოხელა დედად ითვლება პირი, რომელიც შვილად აიყვანს 18 წლამდე ასაკის ბავშვს, თუმცა ამ დროს არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. საქართველოში მარტოხელა დედად ვერ ჩაითვლება ქალი, რომელიც ოფიციალურად განქორწინდა და მარტო ზრდის შვილს.

დემოგრაფიული ვითარება საქართველოში: რა პრესპექტივაზე მეტყველებს სტატისტიკა

სტატუსის მინიჭება ხდება იუსტიციის სახლში შესაბამისი განცხადების საფუძველზე. ასევე სტატუსის მაძიებელმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობა. თუ სტატუსის მაძიებელი არასრულწლოვანია, სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობას და განცხადებას წარადგენს კანონიერი წარმომადგენლი.

რა პრივილეგია ენიჭება პირს, რომელსაც მარტოხელა დედის სტატუსი აქვს

მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებზე, როგორც ცალკე აღებულ კატეგორიაზე, სოციალური დახმარება ან შეღავათი გათვალისწინებული არ არის, თუმცა   არსებობს სხვა თანადროული პროგრამები.

თუ მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირი დასაქმებულია, მას ხელფასიდან არ ექვითება საშემოსავლო 20%. ანუ დარიცხული ხელფასის 100%-ს იღებს ხელზე.
ფულადი დახმარების მიღების უფლება ენიჭება მარტოხელა დედას, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი შვილი, ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონში, სადაც დემოგრაფიული მაჩვენებელი დაბალია. მაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებ ბენეფიციარს ენიშნება ყოველთვიური ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით, ხოლო არამაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის განკუთვნილი დახმარება შეადგენს 150 ლარს. აღნიშნული პროგრამა შეეხება შემდეგ რეგიონებს:  გურიას, იმერეთს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, სამეგრელო–ზემო სვანეთს და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს.

მრავალშვილიან ოჯახებს მნიშვნელოვან შეღავათებს ჰპირდებიან

არსებობს კვებითი ვაუჩერიც იმ პირისთვის, ვისთვისაც კვებით უზრუნველყოფა პრობლემას წარმოადგენს. პირი, რომელიც ვერ უზრუნლეყოფს ბავშვის კვებას და მომართავს საგენტოს, მისთვის გამოიყოფა კვებითი ვაუჩერი.

როცა ბავშვს აქვს ჯანმრთელობის შეფერხების პრობლემა, არის შშმ პირი და ამის შესახებ დედა გააკეთებს განაცხადს, ბავშვი ერთვება სხვადასხვა პროგრამაში, მათ შორის რეაბილიტაცია–აბილიტაციის პროგრამაში.

თუ ოჯახს უკვე მინიჭებული აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, მარტოხელა დედა ერთვება კრიზისულ პროგრამაში და იღებს 1000–ლარიან პროგრამას. 1000 ლარის ფარგლებში მას ეძლევა სასურველი ტექნიკა, ტელევიზორი იქნება ეს, სარეცხი მანქანა თუ სხვა, ან საკვები, ჰიგიენის საშუალებები, პამპერსი და ა.შ. ეს დახმარება არის ერთჯერადი.

გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი მარტოხელა დედებისთვის არსებობს სხვადასხვბა სახის დახმარება: თავშესაფარი, კვებით უზრუნველყოფა, ფსიქოლოგი და ა.შ. რომელსაც ტრეფიკინგის ცენტრი კურირებს და არის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.