დაპირისპირება გამარჯვების დღეს - დააკავეს ვალერი კვარაცხელია

მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერ ვალერი კვარაცხელია ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. პოლიციამ დააკავა სამი ადამიანი, მათ შორის ვალერი კვარაცხელია ვაკის პარკში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, სადაც დილიდან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე აღინიშნებოდა, იუწყება Новости-Грузия შსს-ზე დაყრდნობით.

შეხლა-შემოხლა მოხდა სოციალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის, რომლებიც საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან. კვარაცხელიას გარდა, დაკავებულია ერთი სოციალისტი და ერთი სამოქალაქო აქტივისტი.

„ჩვენი ვალია, მათი გმირობა დავაფასოთ“ – პრემიერმა ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა >>

ამჟამად სამივე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა

მათ წინააღმდეგ აღიძრა ადმინისტრაციული საქმისწარმოება „წვრილმანი ხულიგნობის“ მუხლით, რაც 100-ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი ადმინისტრაციული სასჯელით ისჯება.

რაც შეეხება საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას, საქართველოში 2011 წლიდან მოქმედებს „თავისუფლების ქარტია“, რომლის თანახმად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს ქვეყანაში ტოტალიტარული კომუნისტური და ფაშისტური იდეოლოგიის სიმბოლიკის  გავრცელების აკრძალვაზე.

კანონის თანახმად, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს გაფრთხილებას, ხოლო კანონის განმეორებითი იგნორირება — 1000 ლარის ოდენობის ჯარიმას.

შსს-ში განაცხადეს, რომ ვაკის პარკში მყოფი პოლიციელები დილიდან აკვირდებოდნენ იმას, რომ საბჭოთა სიმბოლიკით არავინ შესულიყო.

კალაძე: საქართველომ ფაშიზმზე გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა >>

ომის ვეტერანები, მათი ახლობლები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები გამარჯვების დღეს ტრადიციულად დილიდან ვაკის პარკში იკრიბებიან. პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი მდებარეობს, რომელსაც ყვავილებით ამკობენ. საქართველოში 9 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული.

ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და სხვა პოლიტიკოსებმა.

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 676 ვეტერანი ცხოვრობს, აქედან 224 თბილისში, ხოლო 452 — რაიონებში.