სამ ქვეყანაში შეძენილი ცოდნა, შრომის ფასი და მხიარული უცხვირპირო „ტილდა თოჯინები“

ბუნებით პერფექციონისტია, რასაც ხელს ჰკიდებს, ყველაფერს სრულყოფილად ეუფლება, ამის დასტურია მისი ორი პროფესია და პროფესიონალურად ათვისებული გატაცებები. ეს ელეონორა კუციას პიროვნების ზოგადი შტრიხებია. კონკრეტული ფაქტები კი ამ დახასიათებას უბრალოდ ადასტურებს.
Sputnik

პროფესიით ინგლისური ენის მასწავლებელია, კვალიფიკაცია ლონდონში აიმაღლა, მოსკოვში კი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა. არის ბათუმის სამეჯლისო და სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტი. ერთი პერიოდი ტელევიზიის ჟურნალისტიც იყო. ბოლო დროს ხელნაკეთი ნივთების და ნაჭრის თოჯინების დამზადებას მოჰკიდა ხელი და მეგობართან — ქეთი არაყიშვილთან ერთად გახსნა მაღაზია „ალტერ ლაინზი“, სადაც საკუთარის გარდა სხვა ნიჭიერი ქართველების ნამუშევრებიც გამოფინა.

ელეონორა კუცია სამეჯლისო და სპორტული ცეკვების ფედერაციის საიუბილეო საღამოზე

– ელა, ორ პროფესიას ორ სხვადასხვა ქვეყანაში დაეუფლეთ, რა შეგძინათ და რა შეცვალა თქვენში იქ ცხოვრებამ?

— პროფესიით ინგლისური ენის მასწავლებელი ვარ, უცხო ენების ფაკულტეტი ბათუმში დავამთავრე. შემდეგ კვალიფიკაციის ასამაღლებლად ინგლისში გავემგზავრე და ინგლისური ენის კოლეჯში ვსწავლობდი. იქ თითქმის ერთი წელი ვიყავი, ჩემი შესაძლებლობები გამოვცადე, მინდოდა ლონდონში მეცხოვრა, მაგრამ მივხვდი, რომ ვერ გავძლებდი და ისევ უკან ჩამოვედი. ლონდონურმა ცხოვრებამ ჩემი დამოკიდებულება შეცვალა ბევრი რამის მიმართ, ზოგადად შრომის მიმართ, შრომის დაფასების მომენტი გამიჩინა, დროის ფასი და მისი ზუსტად გადანაწილების ტექნოლოგიები მასწავლა. იქ ძალიან დიდი ცხოვრებისეული სკოლა გავიარე. სრულიად მარტო აღმოვჩნდი თანამედროვე მეგაპოლისში, სადაც თითქმის ყოველი დღე ახალი გამოწვევა იყო. მოსკოვში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დავამთავრე, დაუსწრებელ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, წელიწადში ორჯერ ორ-ორი თვით ჩავდიოდი და ვცხოვრობდი. იქ, საბედნიეროდ, დღესაც მყავს მეგობრები, ვისთანაც შემიძლია გავჩერდე. 15 წლის ვიყავი, როცა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი გავხდი და იქ 1992 წლიდან 2000 წლამდე ვიმუშავე. მიყვარს მოგზაურობა და ბევრს ვმოგზაურობდი.

ელეონორა კუციას ნამუშევრები

– როგორც ჩანს, სიტუაციების ხშირი ცვლა გიყვართ და მრავალმხრივი გატაცებები გაქვთ…

— მართალია, ერთფეროვნება არ მიყვარს. ერთ დღესაც ნაჭრის თოჯინების და ხელნაკეთი ნივთების სერიოზულად კეთება დავიწყე. დამწყები ხელოვანი ვარ, თუმცა ამ ყველაფერს ბავშვობიდან ვაკეთებ. საქართველოს ბაზარზე მხოლოდ 4-5 წელია ვარ. არსებობს ინტერიერის და სათამაშო თოჯინები, ისინი ეკოლოგიურად სუფთაა და ბავშვისთვის სრულიად უსაფრთხო.

ელეონორა კუციას ნამუშევრები

– „ტილდა“ ნაჭრის თოჯინების კონკრეტული სახელია თუ ამ მიმართულებას ჰქვია?

— „ტილდა“ არის სამეწარმეო ბრენდი, რომელიც ნორვეგიელმა დიზაინერმა ტონ ფინანჯერმა 1999 წელს დააარსა. „ტილდა“–თოჯინა გამორჩეულია მისთვის დამახასიათებელი უცნაური, მიამიტური, რომანტიკული გამომეტყველებით. მას აქვს კონკრეტული წესები, რომელსაც ავტორი უნდა მიჰყვეს. მათ როგორ მორთავს და რას დაარქმევს — ეს უკვე გემოვნების საკითხია. ჩვენ ხუმრობით უცხვირპირო თოჯინებს ვეძახით, რადგან ცხვირ-პირი არ აქვთ. მაგრამ მე ვცდილობ, რომ მას თვალები და ცხვირ-პირი დავუხატო, ამით ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო.

ელეონორა კუციას ნამუშევარი

– ანუ, გამოდის, რომ თქვენ მიერ გაკეთებული თოჯინები პირდაპირი და გადატანით მნიშვნელობით უცხვირპიროები არ არის?

— ნამდვილად არა, ჩემი თოჯინები მხიარულებია. მე შევქმენი ახალი მიმართულება „მადელაინი“ – თოჯინების ხაზი. ეს სახელწოდება შვილების სახელიდან გამომდინარეა: მყავს სამი შვილი – მაშო, დემეტრე და ლაიზა. „მადელაინი“ მათი სახელების აბრევიატურით შევქმენი. ეს ცალკე ხაზია და ამ თოჯინებს ბევრი ტექნიკის გამოყენებით ვაკეთებ. გარდა ამისა, დაწნულ ჩანთებსაც ვაკეთებ, ისინი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა შექმნილი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ბაზარზე ასეთი ჩანთები ჯერ არ მინახავს. ამ საქმის დასაწყებად ბავშვების გამო ვერ ვიცლიდი, მაგრამ როცა ფაქტის წინაშე დავდექი, მივხვდი, რომ დაწყებული კოლექცია აუცილებლად უნდა დავასრულო.

ელეონორა კუციას ნამუშევარი

– ამჟამად თქვენ მეგობართან ერთად შექმენით საიტი და ამუშავებთ მაღაზიას…

— საბოლოოდ ეს საიტი ჩვენ ორის — ქეთი არაყიშვილის და ჩემი იქნება, თუმცა ნათია ქოქოსაძე და მეგი გვენეტაძეც შევიმატეთ. ჩვენი ნახელავების გარდა ამ გვერდზე სხვა ხელოვანების ნამუშევრებიცაა, რომელებიც ქეთის მეგობრები არიან და ძალიან მოგვწონს. გადავწყვიტეთ, ისინი ერთ სივრცეში მოვაქციოთ და თან ჩვენ მაღაზიაშიც განვათავსოთ. ეს ჩვეულებრივი მაღაზიაა, რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარეობს და „ალტერ ლაიზნი“ ჰქვია. ვისაც ჩვენთან ნამუშევარი შემოაქვს, საავტორო უფლებებს არავის ვუკარგავთ. ალტერნატიულ ხაზში ექსკლუზივს ვგულისხმობთ. ქეთი ხელნაკეთ ჩანთებს და სამკაულებს აკეთებს, ეს ხელით მოხატული ნივთებია, რომლებიც არ მეორდება.

ელეონორა კუციას ნამუშევარი

– როგორც ჩანს, ძალიან საინტერესო ცხოვრებით იცხოვრეთ და სიახლეები გიყვართ…

— როცა ჩემ ცხოვრებაში რაიმე რადიკალური ცვლილება ხდება, ვინც ბავშვობიდან მიცნობს, ეს ამბავი არავის უკვირს. ყველამ იცის, როცა რაიმეს ხელს ვკიდებ, მინდა, რომ მას ძირეულად ჩავწვდე. გარდა იმისა, რაზეც მოგიყევით, ბათუმში სამეჯლისო და სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტი ვარ. ცეკვაზე პატარაობიდან დავდიოდი, მაშინ ბათუმში ამ ცეკვების პროფესიული სკოლა არ არსებობდა. მე და ჩემი ძმა თბილისში ჩამოვედით, გამოცდები აქ ჩავაბარეთ. ერთი თვისება მაქვს – როდესაც რამე მომწონს, არ შემიძლია ის საქმე ზერელედ, ჰობის დონეზე გავაკეთო. გატაცების მიმართ პერფექციული დამოკიდებულება მიჩნდება. მინდა, რომ ყველა საქმეში მწვერვალებს მივაღწიო. ამგვარი დამოკიდებულება, მიმაჩნია, რომ ყველასთვის სტანდარტი უნდა იყოს. ეს მათთვისაც კარგი იქნება, საქმესაც წაადგება და ზოგადად ქვეყანასაც დაეტყობა.