თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ხალხური შემოქმედების პოპულარული ფესტივალი „არტ-გენი" (Art-Geni) აჭარის მაღალმთიან ქედაში 22 ივნისს გაიხსნება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
ფესტივალი, ტრადიციულად, ჩატარდება როგორც რეგიონებში, ისე თბილისში. 24 ივნისს ფესტივალი აჭარიდან გურიაში გადაინაცვლებს. კონცერტი ლანჩხუთში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება. შემდეგ, 27 ივნისს კონცერტი წყალტუბოში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 29 ივნისს — ცაგერში, მწვანე ამფითეატრში ჩატარდება.
თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8-15 ივლისს შემაჯამებელ კონცერტებზე ამავე რეგიონების შემოქმედება იქნება წარმოდგენილი. ასევე გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, საქართველოში პოპულარული მუსიკალური ჯგუფების გამოსვლა.
ღონისძიების სტუმრებისთვის მოეწყობა დასვენების ზონა ჰამაკებითა და ქართული სამზარეულოს კუთხეებით.