საქართველოს დელეგაცია ნიუ-იორკის ბლოკჩეინ–ტექნოლოგიების ფორუმზე წარდგება

ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქართული კომპანიები 14-16 მაისს მონაწილეობას მიიღებენ ნიუ-იორკში დაგეგმილ კონფერენციაში Consensus Invest 2018, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ კომპანია „ოქროს საწმისის“ დამფუძნებელმა ვახტანგ გოგოხიამ.
Sputnik

„ფორუმზე იქნება წარმოდგენილი ბლოკჩეინთან დაკავშირებული სიახლეები. ჩვენ გვინდა მოვუყვეთ მათ საქართველოზე, თუ როგორ ვითარდება ჩვენთან ეს სფერო, გავაცნოთ ჩვენი პროექტები და დავაინტერესოთ ინვესტორები“, – აღნიშნა ვახტანგ გოგოხიამ.

ნიუ-იორკში საქართველოს დელეგაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გაემგზავრება. კონფერენციას, „ოქროს საწმისის“ გარდა, ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კიდევ ორი კომპანიის – „ენტროპის“, „შელფ ნეტვორკის“ და ორი კერძო უმაღლესი სასწავლებლის „საქართველოს უნივერსიტეტის“ და „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები დაესწრებიან. საერთაშორისო ღონისძიებას მსოფლიოს მასშტაბით 250-ზე მეტი ცნობილი სპიკერი, 4 000-ზე მეტი ამ სექტორში მოღვაწე სტარტაპ–კომპანია, ინვესტორი, ინოვატორი, ცნობილი კომპანიების დამფუძნებლები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.