როგორ ეხმარებიან საქართველოში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს

წელს, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის თითოეული მონაწილე მიიღებს 600 ლარს, ხოლო მათი ოჯახის წევრები (ქვრივი ან შვილები) - თითოეული 300 ლარს.
Sputnik

ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე მიიღებს 140 ლარის ღირებულების ვაუჩერს მედიკამენტებზე.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერადი დახმარების სისტემა საქართველოს სხვადასხვა რაიონში მოქმედებს. თანხის რაოდენობა განისაზღვრება ამა თუ იმ რაიონში მცხოვრები ვეტერანების რაოდენობით, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის გათვალისწინებით.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ასევე იღებენ ყოველთვიურ სუბსიდიას 44 ლარის ოდენობით. ასევე ადგილობრივი რაიონული ადმინისტრაციების ბიუჯეტში გათვალისწინებულია რიგი შეღავათები ვეტერანებისთვის, რომლებიც ინდივიდუალური წესით გაიცემა.

რას ითვალისწინებს ვეტერანებისთვის დაწესებული ახალი შეღავათები

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 676 ვეტერანი ცხოვრობს, აქედან 224 თბილისში, ხოლო 452 — რაიონებში.

ჯანდაცვა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ომის ვეტერანებისა და ძალოვნებისთვის სპეციალურ პაკეტებს ითვალისწინებს.

სახელმწიფო პროგრამა მათ სთავაზობს ექიმ-სპეციალისტების უფასო კონსულტაციებს, ფიზიოთერაპიულ და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებს, ასევე ბალნეოლოგიურ პროცედურებს, გამაჯანსაღებელ ფიზკულტურასა და მანუალურ თერაპიას.

გარდა ამისა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ტარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები: ექიმის უფასო კონსულტაცია, ექოსკოპია და ელექტროკარდიოგრამა.

ასევე, უკვე ერთი წელია, ექიმები საქართველოს რეგიონებში შესაბამისი აპარატურით მიემგზავრებიან და ადგილზე ატარებენ უფასო სამედიცინო კვლევებს ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. კვლევები ეხება ასევე C-ჰეპატიტსა და ტუბერკულიოზს.

ვეტერანებს, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ, აძლევენ თანამედროვე ეტლ-სავარძლებს. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სხვა დამხმარე საშუალებები, როგორიცაა, მაგალითად, ყავარჯნები, სმენის აპარატები.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედებს დამატებითი პროგრამა, რომლის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეუძლიათ მიიღონ 1,5 ათასი ლარის დაფინანსება სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო 500 ლარამდე — მედიკამენტებზე.

სტუდენტებმა ავსტრიაში მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგული 90 ქართველის სია აღმოაჩინეს

სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა უნდა მიმართონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან არსებულ კომისიას. მათ განაცხადის შეტანა კომისიაში წელიწადში ორჯერ შეუძლიათ.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრები რიტუალური მომსახურებისთვის 500 ლარის ოდენობის დახმარებას იღებენ.

შეღავათები ტრანსპორტზე

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათებით სარგებლობენ. მათ მეტროთი და ავტობუსით უფასოდ მგზავრობის უფლება აქვთ.

ასევე მათ მიკროავტობუსებში ელექტრონული სისტემით 50%-იანი ფასდაკლება აქვთ.

სამართლებრივი შეღავათები

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები თავისუფლდებიან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან ბიომეტრიული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ID ბარათი) გადასახადისგან.

ვეტერანები, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს "ვეტერანებისა და სამხედრო ძალების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების დასაცავად, თავისუფლდებიან გადასახადისგან ყველა სასამართლო ინსტანციაში.