სამყაროს მოწყვეტილები: თუშეთისკენ მიმავალ გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა

გზის გაწმენდითი სამუშაოები გაძლიერებულ რეჟიმში მიმდინარეობს და 10-15 ივნისს უნდა დასრულდეს
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. თუშეთის მიმართულებით გზაზე 700 000 კუბურ მეტრამდე მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა, იუწყება პირველი არხი.

მასის ჩამოშლა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე მოხდა.

ამ მონაკვეთზე 2017 წლის ზამთარშიც ჩამოიშალა 300 000 მეტრამდე კლდოვანი მასა, რომელმაც საავტომობილო გზა და ალაზნის კალაპოტი გადაკეტა. მდინარის შეგუბების შედეგად წარმოიქმნა 10 მეტრის სიღრმის და 300 მეტრის სიგრძის ტბა, რომელმაც გადაკეტა ჩამოშლის ზონისკენ მიმავალი გზა. გზის გახსნა მხოლოდ ივნისის შუა რიცხვებში მოხერხდა.

ინტერნეტი თუშეთში უკვე ხელმისაწვდომია

ტელეარხის ინფორმაციით, ამჯერად სტიქიის მასშტაბები ორჯერ დიდია. გეოლოგების და ინჟინრების ჯგუფი ადგილის დასათვალიერებლად ვერტმფრენით გაფრინდა, თუმცა ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო მათ ადგილს ვერ მიაღწიეს.

„ვერტმფრენიდან დავათვალიერეთ და სავარაუდოდ 550 მეტრ ფართობზეა წყალი, ხოლო მისი სიღრმე 10 მეტრამდე იქნება… 53-ე და 54-ე კილომეტრზე ჩამოწოლილია დიდი ზვავები, რომლის გაჭრაზეც ხვალ დავიწყებთ მუშაობას. კვირის ბოლოს ალბათ უკვე მივალთ 56-ე კილომეტრამდე, სადაც კლდის მასივია ჩამოშლილი და წყალია შეგუბებული“, — განაცხადა შპს „გერალის“ დირექტორმა ტარიელ წიკლაურმა.

ტელეარხის ინფორმაციით, კომპანია „გერალი“ თუშეთის საავტომობილო გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს. ტექნიკა და მუშები ადგილზე ორ თვეზე მეტია იმყოფებიან. ამ დროისათვის თუშეთისკენ მიმავალი ფშაველი-აბანოს მონაკვეთი გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია.

The Guardian-მა თუშეთს სამოთხე უწოდა >>

წიკლაურის თქმით, სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, თუშეთის საავტომობილო გზის გახსნა სავარაუდოდ 10-15 ივნისს იქნება შესაძლებელი.

თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა საქართველოში. ის გახსნილია მაისიდან ოქტომბრამდე, დანარჩენ თვეებში უხვი თოვლის გამო გაუვალი ხდება. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც თელავის რაიონს მაღალმთიან სოფელ ომალოსთან აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრს შეადგენს.