ძილში „შესრულებული“ ნახატები და მუსიკის ფონზე შექმნილი კომპოზიციები

ყველაფერი, ალბათ, ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო, როდესაც მშობლებმა შეამჩნიეს, რომ მათი პატარა ბიჭი ძილის დროს ჰაერში ხელებით რაღაც მოძრაობებს აკეთებდა. მათ იფიქრეს, რომ მისგან დირიჟორი გამოვიდოდა, მაგრამ შეცდნენ, ერთადერთი, ვინც ბავშვის მომავალი პროფესია გამოიცნო, პაპა იყო...
Sputnik

გელა პაპიაშვილი მხატვარი, ფერმწერია. სამხატვრო კოლეჯის დამთავრების შემდეგ ფერწერის პედაგოგის კვალიფიკაცია მიენიჭა. ხატვა მუსიკის ფონზე უყვარს, აბსტრაქცია, იმპრესიონიზმი და სიურრეალიზმი — ამ მიმართულებებში ქმნის ნახატს, თუმცა თვლის, რომ მის ნახატებში ბევრი თემა და განსხვავებული სტილია. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებში.

გელა პაპიაშვილი და არჩილ სულაკაური

– გელა, როგორ მიხვდა პაპა, მხატვარი რომ გამოხვიდოდით?

— ხუთი წლის ვიყავი, როცა ძილის დროს ჰაერში ხელებით რაღაც მონახაზებს ვაკეთებდი. ჩემი მშობლები გაოცებული ხუმრობდნენ, ალბათ დირიჟორი უნდა გამოვიდესო. ერთხელ, სოფელში ყოფნის დროს პაპა რაღაც ამბავს მომიყვა, რაც მერე ქაღალდზე გადავიტანე. მაშინ უთქვამს, ეს ბავშვი აუცილებლად მხატვარი გამოვაო.

გელა პაპიაშვილის შემოქმედება

– რა უნდა მოხდეს და იგრძნოთ, რომ მოლბერტთან მიხვიდეთ, თუ განწყობას არ აქვს მნიშვნელობა?

— ჩემ ნახატებში ერთი ხაზი არ არის, ბევრი თემა და განსხვავებული სტილია. ხატვის ინსპირაცია და წყარო უფრო ბუნებასთან სიახლოვე ხდება. პეიზაჟისტი ვარ, აქედან გამომდინარე, სამყაროს ბუნების ფერებით აღვიქვამ. თუმცა, გააჩნია განწყობას, არის მომენტი, როცა დეპრესია შემომიტევს და რაღაცაზე ჩავფიქრდები ხოლმე. ეს კი ხატვის საშუალებას არ მაძლევს. ყოფილა მომენტი, როცა ტრანსპორტში მგზავრობისას მოსულა მუზა და მერე დამიხატავს. ხატვა მუსიკის ფონზე მიყვარს, ამიტომ ბოლო ნამუშევრები მუსიკასთან დაკავშირებული კომპოზიციებია. ზაფხულში გერმანიიდან ველოდები ქალბატონს, რომელიც კომპოზიტორი და პიანისტია და მუსიკის თემატიკაზე შესრულებული ჩემი ნახატი მოეწონა.

გელა პაპიაშვილის შემოქმედება

– თქვენი ერთი ნახატი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული…

— დიახ, ჩემი ერთი ნახატი დაცულია ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც არის პროექტი — ციფრული მუზეუმი „ფიროსმანის“ ფარგლებში, რომელიც საავტორო უფლებებს იცავს. ეს ნახატი ფოტომასალის სახით მათივე გადაღებული და დაცულია ყველა იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე მისი ასლის გაკეთებას ან საზღვარგარეთ გატანას განიზრახავს.

გელა პაპიაშვილის "თუშეთი", რომელიც პეტერბურგში კერძო კოლექციაშია

– ორ ერთნაირ ნახატში ერთ ვერსიაში რატომ არის ქერა ქალი და მეორეში —  შავგვრემანი?

— ეს კერძო შეკვეთა იყო და მე შემკვეთების სურვილს ვითვალისწინებ. როცა ერთი შეკვეთა შევასრულე, მეორესაც მოეწონა, ოღონდ ნახატი ქერათმიანი ქალით მოისურვა. ეს მეც გამიკვირდა, მაგრამ კაცია და გუნება. ერთხელ ერთი და იგივე ნახატი სამჯერ დამიკვეთეს და სამივე შემთხვევაში დამკვეთი ემიგრანტი ქალბატონი იყო.

მხატვრის განცდები და ცოდვები

– ამ ამბავს როგორ ხსნით, რა იყო ნახატზე გამოსახული?

— ეს იყო გაზაფხულის თემატიკაზე შექმნილი გვირილებიანი ნატურმორტი. მათ ფერთა ასეთი გამა და შესრულების ეს მანერა იზიდავთ. ალბათ მათთვის სამშობლოს ნოსტალგია ამ ფერებით და ასე გამოხატული უფრო გასაგები და ადვილად ასახსნელია, ხელოვნება ხომ ემოციურ დონეზე ფერებით და სხვადასხვა მხატვრული ხერხით გამოხატული გრძნობებია…