ტრეფიკინგი საქართველოში - უზბეკეთის მოქალაქე ქალს პატიმრობა ემუქრება

ბრალდებულმა დაშავებული ქალი უზბეკეთიდან მოტყუებით გამოიტყუა და პროსტიტუციაში ჩაბმა აიძულა
Sputnik

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის მონაცემებით, ბრალდებული საქართველოში მიმდინარე წლის იანვარში ჩამოვიდა. ის დაუკავშირდა უზბეკეთში მცხოვრებ ნაცნობ ქალს და საქართველოში სამუშაოდ ჩამოსვლა ურჩია, თითქოს მას ოფიციანტად მოაწყობდა ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში და თითქოს მას მაღალი ანაზღაურება ექნებოდა.

პროსტიტუცია თბილისში: დაკავებულია ორი პირი - ვიდეო

ბრალდებულის ნაცნობი საქართველოში თებერვალში ჩამოვიდა. ბრალდებულმა ის ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში დაასახლა, ჩამოართვა პასპორტი და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით პროსტიტუციაში ჩაბმა აიძულა.

მსხვერპლი პროსტიტუციას საქართველოში მარტამდე ეწეოდა. ბრალდებულს ის სისტემატურად დაჰყავდა ბათუმის და ხელვაჩაურის რაიონის ბარებში, კლუბებში, რესტორნებსა და სასტუმროებში. ტრეფიკინგის მსხვერპლის მიერ ნაშოვნ ფულს ბრალდებული ითვისებდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა, ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით), რაც თავისუფლების აღკვეთით 12-დან 15 წლამდე ისჯება.

რადგან ბრალდებული ემალება გამოძიებას, მიმდინარე წლის 3 მაისს მასზე ძებნა გამოცხადდა, აღნიშნეს პროკურატურაში.

საქართველო ეფექტურად ებრძვის ტრეფიკინგს >>

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უზბეკეთის მოქალაქეები საქართველოში ტრეფიკინგში მონაწილეობენ. მიმდინარე წლის მარტის ბოლოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ უზბეკეთის მოქალაქეს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, რომ 2017 წლის აგვისტოში მსჯავრდებული საქართველოში თავის ნაცნობ ქალთან ერთად ჩამოვიდა, რომელიც ასევე უზბეკეთის მოქალაქეა. ამის შემდეგ მან თავის ნაცნობს ჩამოართვა პასპორტი, დროებით ნაქირავებ სახლში დაასახლა და ფიზიკური განადგურების მუქარით პროსტიტუციაში ჩაბმა აიძულა.