„აყურებინეთ იაგოს კლასიკო“ – აქცია დიღმის იზოლატორთან: ვიდეოკადრები

„გირჩის“ დაკავებული წევრი „ბარსელონას“ ფანკლუბის წევრი აღმოჩნდა
Sputnik

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ოფიციალურმა ფანკლუბმა საქართველოში, დიღმის იზოლატორთან აქცია გამართა მოთხოვნით „აყურებინეთ იაგოს კლასიკო“, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

იზოლატორთან შეკრებილებმა ადმინისტრაციას მოსთხოვეს, რომ  წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულ „ბარსას“ გულშემატკივარ იაგო ხვიჩიას საფეხბურთო მატჩის ყურების უფლება მისცეს, რადგან „სუპერკლასიკო“ კვირას არის, „ბარსელონას“ ფანკლუბის მეგობარი იაგო ხვიჩია კი 10 დღითაა დაპატიმრებული.

პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს

„მივცეთ იაგოს უფლება, უყუროს სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩს, მისი საყვარელი ფეხბურთელის ანდრეს ინიესტას უკანასკნელ კლასიკოს", — განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

შსს-მ ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრ — გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს და ორგანიზაციის წევრებს იაგო ხვიჩიასა და  ვახო მეგრელიშვილს ბრალი პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით  წარუდგინა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 მაისს ზურაბ ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო მის თანაგუნდელებს, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს, 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩი" 2015 წელს იმ პოლიტიკოსების ჯგუფმა ჩამოაყალიბა, რომლებმაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. პარტიის სიმბოლიკის ნაწილია მწვანე გირჩი თეთრ ფონზე, როგორც სიახლის სიმბოლო. ლიდერი კი პოლიტიკოსი და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, ზურაბ ჯაფარიძეა.