საქართველო წმინდა გიორგის ხსენების დღეს ზეიმობს

წმინდა გიორგი საქართველოს მფარველად ითვლება და ქართველ ერს ეს წმინდანი განსაკუთრებით უყვარს.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. დღეს საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.  

საღმრთო ლიტურგიას თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს. საზეიმო წირვა სამებაში 10:00 საათზე დაიწყება. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, პატრიარქი ილია მეორე შეკრებილებს გიორგობას მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.

ილია მეორე: კვირაცხოვლობას მე მღვდლად მაკურთხეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 23 ნოემბერსა და 6 მაისს. დღეს წმინდანის მიცვალების დღეა.  

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის — ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ილია მეორე: განსაცდელი - ცათა სასუფევლის გზაა

თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, შუბით გველეშაპის განმგმირავი,  ქართული ცნობიერებისა  და მართლმადიდებლური რწმენის შემადგენელ ნაწილად იქცა და აღბეჭდილია სახელმწიფო  გერბზე.

წმინდა გიორგის მიმართ პატივის მიგება, ქრისტიანობის დასაწყისიდან დღემდე გრძელდება.  შუა საუკუნეებში,  წლის ყველა დღესთან დაკავშირებით,  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოიშვა წმინდა გიორგის 365 ლოცვა, ასევე  საქართველოს ყველა რეგიონში წმინდა გიორგის პატივსაცემად ტაძარია აგებული.