დაიჭერენ თუ არა გიორგი მარგველაშვილს

არ არის გამორიცხული გიორგი მარგველაშვილმა შექმნილ სიტუაციაში პრეზიდენტად ხელახალ კენჭისყრაზეც იფიქროს, მით უმეტე რომ NDI-ს კვლევების თანახმად მას არც ისე ცუდი შანსები აქვს.
Sputnik

სოციალური პრობლემებით შეწუხებულ მოსახლეობას მაინცადამაინც პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა და მისი საგარეო და საშინაო პრიორიტეტები არ აწუხებს, თუმცა ამ გამოსვლაში იყო უდავოდ პრობლემატური საკითხები, დაწყბული ქვეყნის საგარეო საფრთხეებიდან და ტერიტორიული მთლიანობიდან, დასრულებული შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ამ მხრივ საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს ძალიან ცოტა რამ აქვს საამაყო.

ვის მხარესაა უმრავლესობაში ბიძინა ივანიშვილი და რატომ დაბრუნდა ის პოლიტიკაში?

პარლამენტმა, უფრო სწორად მისმა სოლიდურმა უმრავლესობამ პრეზიდენტზე თავდასხმის სტრატეგია შეწყალებისა და ნარკოტიკების თემაზე ააგო. არავისთვის ახალი ამბავი არაა, რომ მარგველაშვილი შესაძლოა, არ იწონებს დიდად ნარკოტიკების მომხმარებელთა ქცევას, მაგრამ არც რადიკალი ჭკუისმასწავლებელია და შესანიშნავად იცის ის მდგომარეობა, რაც ამ მხრივაა შექმნილი საქართველოში — არც თუ სახარბიელო. ამ ვითარებას კი უფრო ნიჰილიზმი, დაუსაქმებლობა და გაუნათლებლობა კვებავს და არა — შეწყალებები. ამიტომ საზოგადოებასა და ხელისუფლებას თუ სურს, რეალურად ებრძოლოს ნარკომანიას თუ სისასტიკეს, მან განათლების სისტემაში შესაბამისი პროგრამების დანერგვით უნდა დაიწყოს საქმე და არა — მომხმარებლების დაჭერით.

საიდუმლო სერობის შედეგი - გაერთიანება „ყველა მინუს ერთი“

ისევ მარგველაშვილს რომ დავუბრუნდეთ, ირკვევა, რომ ის ყველაზე გულმოწყალე პრეზიდენტი ყოფილა მთელს მსოფლიოში. თუკი პოლონეთის პრეზიდენტს მხოლოდ 35 პატიმარი ჰყავს შეწყალებული და მარგველაშვილს — 3500, ნამდვილად შეგვიძლია, რაღაცით თავი გამოვიჩინოთ და ვთქვათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირველ ადგილზეა მსოფლიოში ამ მხრივ. მაგრამ ამ პოლიტიკური დევნისა და უსამართლოდ ციხეში ხალხის ყოფნის იდეას რაღა ვუყოთ, რომლითაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში? რა ვუყოთ 2012 წლის შემოდგომაზე განხორციელებულ უდიდეს ამნისტიას, რომლის შედეგადაც, საბოლოო ჯამში 24 ათასი პატიმრიდან 9500 დარჩა და საერთაშორისო ორგანიზაციები ამასაც გვიკიჟინებენ, ბევრიაო?

რა ვუყოთ ეკა ბესელიას — იმჟამინდელი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის 600-მდე რეკომენდაციას, რომელიც პრეზიდენტს გაუთვალისწინებია და პატიმრები შეუწყალებია?

არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა - ქართული პოლიტელიტის საპრეზიდენტო ვნებანი

როგორც ჩანს, მარგველაშვილს, უბრალოდ, აბულინგებენ და რეალურად რა ხდება ამ მხრივ, ამის გამოძიებას არავინ აპირებს. არადა, 4 მაისს საქართველოს განათლების სისტემამ ბულინგის საწინააღმდეგო დღე აღნიშნა. ისე ჩვენს თავს და ენას რომ პატივს ვცემდეთ, შესანიშნავი ქართული სიტყვები გვაქვს ლექსიკონში, ისეთები, როგორიცაა დაშინება და ძალადობა, მაგრამ რახან სამინისტროს ადმინისტრაციას „ინგლისური ეხერხება“, იყოს ბულინგი.

თუ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალებებში კორუფციის ნიშნები დაინახა და კითხვები დასვა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოება დაამშვიდა, მართლა კი არავინ აპირებს მარგველაშვილის სამართლებრივ დევნას, უბრალოდ, კითხვები დავსვითო.

არადა, უბრალო კითხვები ნამდვილად არაა ქვეყნის პირველი პირის კორუფციაში დადანაშაულება და არც ლია მუხაშავრიასა და ნონა გაფრინდაშვილის ავტორიტეტია ხელწამოსაკრავი, თუმცა შეწყალების მექანიზმები რომ დასახვეწია და მეტი ანალიტიკაა ამ მხრივ საჭირო, უდავოა.

პარტიული ომი „ქართულ ოცნებაში" - ბოსები სიტუაციის დალაგებისათვის ემზადებიან

ხოდა, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პროკურატურის მიერ საქმის აღძვრას და გამოძიების დაწყებას ითხოვს, ხოლო პარლამენტისაგან — იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. ბუნებრივია, მისი განცხადებები პრეზიდენტთან იქნება შეთანხმებული. როგორც ჩანს, იმ ფონზე, როცა 26 მაისისათვის საქართველოში 10-მდე ქვეყნის პირველ პირს ელოდებიან, გიორგი მარგველაშვილი ვა-ბანკზე მიდის და ამ საქმის ბოლომდე გარკვევას მოითხოვს. უმრავლესობას კი შესანიშნავად უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, როცა მესამე ჯერ კიდევ „ძებნაშია“ ისე, რომ ამ ძებნას საქართველოს გარდა თითქმის არც ერთი ქვეყანა არ ცნობს, სახელმწიფოს ახალ სკანდალში გახვევს. მარგველაშვილი კი, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ თუ ძალიან გამწვავდა სიტუაცია და კობახიძე-მდინარაძე მის უფასო იმიჯმეიქერებად იქცნენ, კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი. სხვათა შორის, NDI-ს კვლევებით, მას არც თუ ისე ცუდი შანსები უნდა ჰქონდეს. ახლა მთავარია, ვის შეარჩევს „ქართული ოცნება“ და თუ ეს პრემიერი ივანიშვილია, უდავოდ საინტერესო იქნება მათი ჭიდილი.  

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!