ძარცვა ზუგდიდში - ბრალდებული დაკავებულია

მამაკაცმა ბირჟიდან 55 460 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გაიტაცა და მიიმალა.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ზუგდიდში, ოქროს  ბირჟაზე ჩადენილი ძარცვის ფაქტზე წარსულში არაერთგზის ნასამართლევი 52 წლის კ.ჭ. თბილისში დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოქროს ბირჟა 2 მაისს გაქურდეს. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა, ერთ-ერთი დახლიდან ძვირფასეულობა გაიტაცა და ადგილიდან მიიმალა.

ერთ კვირაში ქურდობაზე 12 პირი დააკავეს

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა ოქროს ბირჟიდან 55 460 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გაიტაცა.

სამართალდამცველებმა კ.ჭ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაძარცვი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

გამოძიება დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.