ვის მხარესაა უმრავლესობაში ბიძინა ივანიშვილი და რატომ დაბრუნდა ის პოლიტიკაში?

სანამ საზოგადოება და პოლიტიკური ექსპერტები ამ თემის გარკვევით არიან დაკავებული, პრემიერი „ქართული ოცნების“ 2024 წლის გამარჯვებაზე ფიქრობს. გია ხუხაშვილი კი აცხადებს, რომ ივანიშვილი ახალგაზრდებს არ ენდობა და სწორედ ამიტომ დატოვა პოლიტსაბჭოში...
Sputnik

გასულ კვირაში NDI-მ გამოკითხვა ჩაატარა, საიდანაც გაირკვა, რომ არც მმართველი პარტიისა და არც ოპოზიციის საქმიანობით მოსახლეობა აღფრთოვანებული არ არის. თუმცა ამ კვლევით ორგანიზაციას უდავოდ უნდა ვუსაყვედუროთ, რატომ არ შეიყვანა ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსების რიცხვში გამოკითხვისათვის დეპუტატი გუგული მაღრაძე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალბატონი გუგულის პოპულარობამ გადაფარა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების გამო ატეხილი აჟიოტაჟი, დაპირისპირება უმრავლესობაში და თვით პრეზიდენტის გამოსვლაც კი პარლამენტში, რომელიც მოულოდენლად სკანდალურად განვითარდა (ასე უწოდეს საპარლამენტო ჟურნალისტებმა) და მთავარსარდალი პარლამენტის დარბაზიდან წავიდა. ამბობენ, გაიქცაო, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ მარგველაშვილმა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილისა და ადა მარშანიას ქართულს და გამოსვლას გაუძლო, ვერ გაეძლო გიგა ბუკიას მოსაზრებების მოსმენისთვის. კი ჰგვანან, ისე, საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტები ერთმანეთს. არა მარტო სიმაღლით. სააკაშვილმა თქვა, „ქართულ ოცნებას“ კარტი თავის მოედანზე არ უნდა ეთამაშო, მაგიდა უნდა აუყირავოო და მარგველაშვილმა ისმინა და რეგლამენტს „გადაახტა“.

განცდები ციფრებში... ანუ ვინ რას ფიქრობს და რატომ?

ამასობაში უმრავლესობაში დიდი დუღილია. სანამ ექსპერტები ბჭობენ, რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პარტიის სათავეში, ვის უჭერს მხარს, „ძველებს“ თუ „ახლებს“, მან ძალიან საინტერესოდ გადაალაგა უმრავლესობა და, ფაქტობრივად, 2020 წლის საპარლამენტო კონფიგურაციაც გამოჩნდა. ეკა ბესელია თამარ ჩუგოშვილით ჩაანაცვლეს, მთავრობიდან კი ორი ახალი ფიგურა დაწინაურდა — მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი. გიორგი კვირიკაშვილი 2024 წლის საპარლამენტო რეალობაზეც კი ფიქრობს. ძნელი სათქმელია, რა როლს მოუძებნის ივანიშვილი კვირიკაშვილს 2024 წლისათვის, მაგრამ ფაქტია, რომ ის ამ დრომდე პრემიერი ვერ იქნება. ფაქტია ისიც, რომ საქართველო შევიდა „განვითარებული კომუნიზმის“ ეპოქაში — ქვეყანა პარტიიდან იმართება. მისი ხელმძღვანელობა კი ამ მდგომარეობის მინიმუმ 2030 წლამდე შენარჩუნებას აპირებს. სწორედ ამ ახალგაზრდათა გუნდის მეშვეობით. 2012 წლის გუნდმა პოზიციები დაკარგა და ახლა ამ რეალობას მხოლოდ გუგულის ინდივიდუალური კანონპროექტები თუ უშველის. გუგულისა, რომელსაც კიდევ თავზესაყრელად აქვს დასავლური იდეები და კანონპროექტები და რომელმაც ამ საინტერესო პარლამენტში ენძელასაც კი გაუსწრო იუმორში.

ერთიც ხომ არ გავაბოლოთ?... ანუ დაბოლების პერსპექტივა...

სწორი გათვლაა – საყრდენ ძალად აირჩიო დასავლური წრეებისათვის მისაღები ახალგაზრდა იურისტების ჯგუფი, რომლებიც მორჩილებაშიც გამოიცადნენ. სხვათა შორის, აქ ივანიშვილი შევარდნაძის გზით მიდის, რომელმაც თავის დროზე ჟვანია–სააკაშვილი შემოიყვანა პოლიტიკაში. თუმცა მოუწყობენ თუ არა „ზევსს“ საკუთარი შვილები ოდესმე რევოლუციას, ახლა ძნელი სათქმელია. ამის კონტურები ჯერ არ ჩანს.

ნათლად გამოჩნდა, რომ 2020-24 წლებისთვის ივანიშვილმა ამ გუნდზე გააკეთა გათვლა. ისმის კითხვა — კი, მაგრამ ვინ ან რა შეუშლის ხელს? ჯერჯერობით ასეთი ხელისშემშლელი არც საგარეო და არც საშინაო ფაქტორი არ ჩანს.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში განხორციელებული ცვლილებებიდან კარგად გამოიკვეთა ბიძინა ივანიშვილის პრაგმატული ხასიათი. ეკა ბესელიას განმარტება, რომ მას პოლიტსაბჭოს დატოვებამდე შეხვდნენ და ესაუბრნენ, ნიშნავს იმას, რომ მას ღირსეულ საპენსიო ადგილს დაპირდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში ან რომელიმე სამინისტროში. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარისთვის სამსახურის მოძებნა, წესით, არ უნდა გართულდეს.

ივანიშვილი ახლა იმედებს კალაძე–კობახიძე–ჩუგოშვილის გუნდზე ამყარებს. მათი გაგრძელებაა სწორედ თალაკვაძე–მდინარაძე–ზარდიაშვილის ტრიადა. „ოცნების“ იმ მხარდამჭერებს კი, ვინც ძველი დროის დაბრუნებას ასე გულით ნატრობდა, კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება ელით — მათ სამართლიანობის აღდგენა კი არა, იმის გაცნობიერება მოუწევთ, რომ ზარდიაშვილი თავად მათი ლიდერის რჩეულია და არა რომელიმე მისი ქვეშევრდომის. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო რეალური ხდება ის ვერსიაც, რომ ივანიშვილი თავად იყრის კენჭს საპრეზიდენტო პოსტზე, რადგან ამ არეულ სამყაროში საერთაშორისო საზოგადოებასთან კონტაქტებისთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი მშვენიერი პოზიციაა.

სინოპტიკოსებისა არ ვიცი და პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს კი ნამდვილად ცხელი ზაფხული ელით.


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!